logo
Loading data...

საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური აშენდა

საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური აშენდა

1713958680

საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური აშენდა, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ქვეყანაში განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას.

პროექტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლემშვენიერაში, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი მიზანი, კერძო სექტორის ჩართულობით ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის გაძლიერებაა.

216 კილოვატ სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგური უკვე გაიხსნა, რომელიც ყოველწლიურად 300 000 კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

USAID-ის საპილოტე პროექტი, კომპანია "აგრო იმპექსის" ტერიტორიაზე განხორციელდა, რომელიც აგრარული მიმართულებით რამდენიმე სექტორის ინტეგრირებულ ჯაჭვურ სისტემას წარმოადგენს, ძირითადად გულისხმობს მარცვლეულის წარმოებას, შემდგომ მისგან დაბალანსებული საკვების წარმოებას მსხვილფეხა პირუტყვისთვის და მის რეალიზაციას.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მზის ელექტროსადგური წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარის დანაზოგს უზრუნველყოფს, მათი ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება კი 38%-მდე შემცირდება.

"ამ ტერიტორიაზე გვაქვს 300 ჰექტარი მიწა, რომელსაც მელიორაციის წყლის საშუალებით ვრწყავთ და მოგვყავს მარცვლეული სისტემები, ვინაიდან ჩვენ გვქონდა სარწყავი სისტემისთვის მოწყობილი აუზი, მასზე განვათავსწეთ წყალზე მოტივტივე მზის ელექტროსადგური. მონაწილეობა მივიღეთ USAID-ის  კონკურსში, ასევე თანადაფინანსება გვაქვს იაფი აგროკრედიტის ფარგლებში, ბიუჯეტი სულ 170 000 დოლარს, საიდანაც 85 000 დოლარი USAID-ის თანადაფინანსებაა, დანარჩენი კი თიბისი ბანკის აგროკრედიტი. მზის ფოტოელექტროსადგურს აქვს 25 წლიანი მოქმედების ვადა, მისი უკუგების პერიოდი 5 წელია, შედეგად 20 წლის მანძილზე ენერგია გვექნება უფასოდ. ხოლო ამ ლოკაციაზე გამომუშავებული 300 კილოვატი ენერგია სრულად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნილებას.“- აცხადებს შპს „აგრო იმპექსის“ თანამფლობელი ლაშა ჯინჭარაძე. 

ცნობისთვის, 216 კვტ მოტივტივე მზის ელექტროსადგური სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას, ანუ ემისიას 31,200 კგ. CO2 ექვივალენტით შეამცირებს. შესაბამისად, პროექტს დადებითი გავლენა აქვს, როგორც ენერგეტიკის სექტორზე, ასევე ეკოლოგიაზე.

მაკა ქოჩლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით