რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადმელში მდებარე 4 კოტეჯის "გარემოს" დამფუძნებლის, თამარ დავითულიანის ინფორმაციით, ზაფხულში აუზის ქონა, მნიშვნელოვანი ფაქტორია და მომხმარებლების რაოდენობას ზრდის.
როგორც თამარ დავითულიანი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ვიზიტორთა დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება, რაც სხვადასხვა, ფაქტორითაა გამოწვეული.
"ამჟამად, 80%-იანი დატვირთულობა გვაქვს, შემდეგი თვეები კი, უფრო დატვირთული იქნება. ძალიან დიდი მოთხოვნაა, წინასწარი ჯავშნები საკმაოდაა, მაგალითად, აგვისტოს თვის 50% უკვე დაკავებულია. აქტიური სეზონია და მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებლების 90% ადგილობრივი მოსახლეობაა, უცხოეთიდან დიდად დაინტერესება ნაკლებადაა, მხოლოდ 10% შეიძლება, იყოს.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დადებითი ტენდენციაა, 50%-ით გავიზარდეთ. რასაც, პირველ რიგში, განსხვავებული კოტეჯების სპეციფიკას ვუკავშირებ, აქედან გამომდინარე მომხმარებელი ყოველთვის გვყავს. კოტეჯების გარდა, ეზო სრულიად მოწესრიგებულია, ასევე აუზიც გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ ზაფხულში აუზი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთან აუზის მომხმარებლები, არა მხოლოდ კოტეჯის ვიზიტორები, არამედ გარედან შემოსული ადამიანებიც არიან. სტუმრების მხრიდან დიდი მოთხოვნაა, რომ "გარემოში" დრო მინიმუმ აუზზე მაინც გაატარონ. კერძოდ, კოტეჯს, როდესაც სხვა ბენეფიტებიც აქვს - სტუმრებში გაცილებით უფრო პოპულარულია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენთან მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე მიწოდება. ამასთან, დამსვენებლების რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ განვითარებაზე მუდმივად ვმუშაობთ და მომხმარებლებს განსხვავებულ, ზღაპრულ გარემოს ვთავაზობთ", - აღნიშნავს თამარ დავითულიანი.
4 კოტეჯის "გარემოს" დამფუძნებელმა თამარ დავითულიანმა, "ბიზნესპარტნიორთან" მოსალოდნელი გაფართოების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზამთრისთვის 5 ნომრის დამატებას აპირებს.
ცნობისთვის, 4 კოტეჯი "გარემო" რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადმელში მდებარეობს და ამჟამად, 8 პერსონაზეა გათვლილი.