რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადმელში მდებარე 4 კოტეჯის "გარემოს" დამფუძნებლის, თამარ დავითულიანის ინფორმაციით, გაფართოებას გეგმავენ. კერძოდ, უკვე არსებულ კოტეჯს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და 5 ნომერი დაემატება.
როგორც თამარ დავითულიანი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ახალი ნომრების დამატება, პირველ რიგში, ჭარბ მომხმარებლებს უკავშირდება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 100 000 ლარიდან 150 000 ლარამდე იქნება.
"ზოგადად, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ. ამჟამად, 80%-იანი დატვირთულობა გვაქვს, შემდეგი თვეები კი, უფრო დატვირთული იქნება. ძალიან დიდი მოთხოვნაა, წინასწარი ჯავშნები საკმაოდაა, მაგალითად, აგვისტოს თვის 50% უკვე დაკავებულია. აქტიური სეზონია და მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებლების 90% ადგილობრივი მოსახლეობაა, უცხოეთიდან დიდად დაინტერესება ნაკლებადაა მხოლოდ 10% შეიძლება, იყოს. მინდა გითხრათ, რომ მეტი ხელშეწყობაა საჭირო, ვგულისხმობ შემომსვლელ საერთაშორისო ტურისტს გაცილებით დიდი არჩევანი სჭირდება, როგორც გასართობი მიმართულებით, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. გარდა იმისა, რომ ბუნება გვაქვს, ეს საკმარისი არ არის, ბუნებასთან ხელმისაწვდომობაც ნაკლებადაა - უსაფრთხოებაც გასათვალისწინებელია, მისასვლელი ბილიკების დაგეგმარება აუცილებელია და ა.შ.
ჩვენთან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დადებითი ტენდენციაა, 50%-ით გავიზარდეთ. რასაც, პირველ რიგში, განსხვავებული კოტეჯების სპეციფიკას ვუკავშირებ, აქედან გამომდინარე მომხმარებელი ყოველთვის გვყავს. კოტეჯების გარდა, ეზო სრულიად მოწესრიგებულია, ასევე აუზიც გვაქვს.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ კოტეჯების დამატებას ვგეგმავთ, რადგან ვიზიტორების მოთხოვნა იზრდება და გვინდა მოთხოვნას ადეკვატურად ვუპასუხოთ. კერძოდ, 5 ნომრის დამატებას განვიხილავთ, შეიძლება, დიდი კოტეჯის რეკონსტრუქციაც გავაკეთოთ. სავარაუდოდ, ზამთარში, საახალწლო პერიოდში გავხსნით, რადგან აღნიშნულ პერიოდში, მოთხოვნა დიდია", - აღნიშნავს კოტეჯების დამფუძნებელი.
ცნობისთვის, 4 კოტეჯი "გარემო" რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადმელში მდებარეობს და ამჟამად, 8 პერსონაზეა გათვლილი.