საქართველოში ბოლო პერიოდში, ელექტრომანქანებსა და ჩინურ მეორად მანქანებზე მოთხოვნა გაიზარდა, - ამის შესახებ კომპანია "ქარმარკის" ირაკლი კუხიანიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად აღნიშნული ტენდენციისა დღეს ბაზარზე არსებული ავტომობილების 70% ამერიკიდან არის იმპორტირებული.
"ზოგადად საქართველოში მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა. ბოლო პერიოდში, გააქტიურებული იყო სომხეთი, სადაც ექსპორტზე საკმაოდ დიდი რაოდენობის ავტომანქანები გადიოდა, ახლა კი შუა აზიის ქვეყნები არიანი გააქტიურებულები. მათ შორის, ყაზახეთი და უზბეკეთი. მაგალითად, დღეს, რომ გახვიდეთ ბაზრობაზე ძირითადად აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამოსული დილერები შეგხვდებათ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ამერიკის, ევროპისა და იაპონიის გარდა ძალიან გააქტიურდა ჩინეთის მიმართულება. ბაზრიდან მოთხოვნა წამოვიდა როგორც ელექტრომანქანებზე, ისე ჩინურ მეორად მანქანებზე. დილერები, რომლებიც შუა აზიის ქვეყნებიდან ჩამოდიან, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ჩინეთი უფრო ახლოსაა, მაინც საქართველოდან გაჰყავთ მანქანები. ზოგადად, ახალი ბაზრის გააქტიურება ზრდის ხოლმე მოთხოვნას. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველების რაოდენობა იგივეა, უბრალოდ ექსპორტის მიმართულებაა გაზრდილი.
რაც შეეხება ფასებს - ფასები მკვეთრად გაზრდილი არ არის. რაც შეეხება ჩინეთის მიმართულებას - ეს ჯერჯერობით ახალი ბაზარია და შესაბამისად, ფასებს გასულ პერიოდს ვერ შევადარებთ", - აცხადებს ირაკლი კუხიანიძე.