მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს - სამშენებლო ნებართვების ზრდამ ჭარბი მიწოდება არ გამოიწვია, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მოთხოვნა-მიწოდების ძალიან კარგი მაჩვენებელი არის ის, რომ მიმდინარე წლის და მომდევნო წლის ჩასაბარებელი შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი უკვე რეალიზებულია, რაც თავისთავად იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ მიწოდება არ აჭარბებს მოთხოვნას.
"გამოწვევა გვქონდა, რადგან 2023 2024 წლებში საკმაოდ გაიზარდა გაცემული მშენებლობის ნებართვების რაოდენობა და მოლოდინი შეიქმნა, რომ მიწოდება მოთხოვნას გადააჭარბებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგან შეთანხმებული პროექტები სწრაფად არ იწყება. პროცესები დროში გადავადდა და ყველა ერთად ვერ დაიწყება, რასაც სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის, არასტაბილური მდგომარეობა არა მარტო ჩვენთან, არამედ გლობალურად. ასევე, დეფიციტური მუშახელი გვყავს და მშენებლობების ეს მოცულობა ერთბაშად ვერ დაიწყება. ასე სწრაფად მუშახელის და შრომითი რესურსის მოგვარება წარმოუდგენელია. შესაბამისად, ამ ეტაპზე ის საკითხი, რომ მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბოს, არ დგას. უფრო პროგნოზირებადი შეიძლება იყოს მოთხოვნის ისე შემცირება, რომ მიწოდება უფრო მეტი აღმოჩნდეს, თუმცა მიმდინარე წელს არც ამის ნიშნები არ არის. გასული 5-6 თვის მონაცემებით შესაძლოა ვიმსჯელოთ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მზარდია", - აცხადებს ბესო ორთოიძე.
რაც შეეხება ფასებსა და შემსყიდველთა სეგმენტაციას - კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, 2024-2025 წლებში ფასების სწრაფი ზრდის ტემპი შეჩერდა - იზრდება, მაგრამ მნიშვნელოვნად არა. ხოლო შემსყიდველების კუთხით - პირველად ბაზარზე, უძრავი ქონების შესყიდვა ადგილობრივების მხრიდან უფრო ხშირად ხდება.
"ფასები მიმდინარე წელს სტაბილურია და მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის. კატეგორიების მიხედვით განსხვავებული ტენდენციებია. პრემიალურ სეგმენტში უფრო მეტი არარეზიდენტი შემსყიდველია და ასევე, ბათუმში უფრო მეტი არარეზიდენტია. რაც შეეხება საშუალო და დაბალ სეგმენტს - აქ ცალსახად ადგილობრივები ჭარბობენ. არარეზიდენტების მხრიდან ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის", - აცხადებს ბესო ორთოიძე.