ზოგადად, კონფლიქტები გავლენას ახდენს სამშენებლო სექტორზეც, მათ შორის, ლოგისტიკური კუთხით, თუმცა ირან–ისრაელის ომს ვფიქრობ, პირდაპირი ზეგავლენა ქართულ ბაზარზე არ ექნება, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ბაზარზე ირანიდან ისეთი პროდუქცია არ შემოდის, რომელზედაც ომის გამო დეფიციტის წარმოშობა მოსალოდნელია.
„ზოგადად, ქართულ ბაზარზე ირანული არმატურა არის, თუმცა ჩვენ ქართული წარმოების არმატურას ვიყენებთ. ვინაიდან ირანული და რუსული არმატურა შედარებით დაბალი ფასით იყო, წლის დასაწყისში აღნიშნულ მასალაზე აქციზი შემოვიდა, რამაც მასალის ფასი გაზარდა. ასევე, ირანიდან სხვადასხვა მოსაპირკეთებელი მასალები შემოდის, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ირან-ისრაელის კონფლიქტმა რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საქართველოს ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად კონფლიქტები და მით უმეტეს, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები, გარკვეულ გავლენას ახდენს ხოლმე ჩვენს სექტორზე, კერძოდ, ტრანსპორტირების ნაწილზე. მაგალითად, შესაძლებელია ირანიდან არ არის მნიშვნელოვანი ტვირთები, თუმცა ჩინეთიდან არის და ამაზე მოახდინოს გავლენა. როგორც მოხდა რუსეთ-უკრაინის ომის დროს - როდესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ომის გარდა, ლოგისტიკის ნაწილი იყო, რამაც საკმაოდ გააძვირა სამშენებლო მასალები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ზუსტად რა გავლენას მოახდენს ირან-ისრაელის ომი, რთულია განვსაზღვროთ, რადგან შესაძლებელია ირანიდან იმპორტირებულ მასალებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ იყოს, მაგრამ ტრანსპორტირების ნაწილში შესაძლოა ისეთი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, რომ ამან არამარტო სამშენებლო მასალები, არამედ ზოგადად სხვა პროდუქტებიც გააძვიროს“, - აცხადებს ბესო ორთოიძე.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი რამდენიმე დღე ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებდნენ. ამ დროისთვის, ორ ქვეყანას შორის ცეცხლი შეწყვეტილია,ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელ-ირანს შორის 12-დღიანი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება 24 ივნისს დასრულებულად გამოაცხადა.