"ქუთაისში ტურისტული ობიექტების რაოდენობა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება და რამდენიმე სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტიც განხორციელდა", - ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან "ბიზნესპარტნიორს" აცნობეს.
მათივე ცნობით, ქუთაისში ტურისტული ობიექტების რაოდენობის ზრდა, გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. ამასთან, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air-ის პირდაპირი ფრენები ქალაქში ტურისტების შემოდინებას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს.
"რამდენიმე სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის აღსანიშნავია, ცენტრალური ბაღის (ბულვარის) რეაბილიტაცია, განახლდა „ოქროს ჩარდახი“, სრულდება მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა-რესტავრაცია, რამდენიმე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო და განახლდა უკვე არსებული სკვერები და სპორტული მოედნები.
ქუთაისში, ფაქტობრივად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. რეაბილიტაცია, როგორც ცენტრალურ ქუჩებს, ასევე შიდა საუბნო გზებს უტარდება. ქუჩებზე განახლდა გზის საფარი, მოწესრიგდა ტროტუარები, სანიაღვრეები, გარე განათება. პერიოდულად გზების ლოკალური შეკეთებაც მიმდინარეობს. რაც შეეხება, წყალმომარაგებას, ქუთაისის მოსახლეობას 2020 წლიდან წყალი 24 საათიანი რეჟიმით, უწყვეტად მიეწოდება.
ქალაქში ტურისტული ობიექტების რაოდენობა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება; ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: გაზრდილი მოთხოვნა განთავსებასა და სხვა ტურისტულ სერვისებზე, საერთაშორისო აეროპორტის როლი, რაც უზრუნველყოფს ტურისტების სტაბილურ ნაკადს და მთავრობის მხარდაჭერა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.