"ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით, 44 განცხადებაა შემოსული, აქედან მშენებლობის ნებართვა 17-ზე გაცემული", - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
როგორც ქალაქის მერია განმარტავს, ქუთაისში, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებთან ერთად მეტწილად წარმოდგენილია - ბუტიკური სტილის, კონცეპტუალური სასტუმროები.
"ქუთაისში მოქმედებს როგორც საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, ასევე მრავალი ადგილობრივი სასტუმრო და საოჯახო სასტუმრო. ქალაქში წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებიდან აღსანიშნავია Best Western Kutaisi, სამვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს და 50-ნომრიანი სასტუმრო "ქუთაისი ინნ". იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის” მიერ წარმოებულ ბაზაში, რომელიც მუდმივად ახლდება, ამ ეტაპისთვის 200-მდე სასტუმრო/განთავსების ობიექტია", - აღნიშნულია "ბიზნესპარტნორისთვის" გამოგზავნილ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ქალაქში ჯერ კიდევ ინფრასტრუქტურული საკითხები გამოწვევად რჩება, ასევე პრობლემურია საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასაკმარისი რაოდენობა და დასაქმების პრობლემა.
"ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები უწყვეტად მიმდინარეობს და ეტაპობრივად ყველა მიმართულებას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ქალაქს გადმოეცა 60 ავტობუსი და 10 მიკროავტობუსი, ამასთანავე ქუთაისიდან აეროპორტისა და სათაფლიის ტურისტული ლოკაციის მიმართულებით ხორციელდება რეგულარული რეისები, მუნიციპალური ტრანსპორტი ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს მგზავრთა მოთხოვნებს, არის უბნები, რომლებსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ მოიცავს. ეტაპობრივად, კვლავ მოხდება სატრანსპორტო საშუალებების დამატება.
რაც შეეხება დასაქმების პრობლემას, ქალაქში ბოლო პერიოდში ხელსაყრელი პირობებია შექმნილი საინვესტიციოდ, ხოლო ამ ინვესტიციების შედეგად, ძირითადად ადგილობრივი კადრები საქმდება. ამასთანავე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ეფექტურად მუშაობს", - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ "ბიზნესპარტნიორისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაში.