კომპანიის თბილისის ოფისში, "არემჯის" 2025 წლის სტიპენდიატები საზეიმოდ გამოვლინდნენ.
წელს სასტიპენდიო კონკურსში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, "არემჯის" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ.
რჩეულ 20 სტუდენტს, სამახსოვრო სერტიფიკატები "არემჯის" გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და გენერალური დირექტორის მოადგილემ მალხაზ ნაცვლიშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.
სასტიპენდიო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა (სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტები) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 150-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ორეტაპიანი გასაუბრების შედეგად შერჩეული 20 სტუდენტი არემჯისგან ერთი წლის განმავლობაში ფულად წახალისებას მიიღებს.
"არემჯის" სტიპენდია ყოველწლიურად სწავლაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს გადაეცემა. პროექტის მიზანია საინჟინრო მიმართულების ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, მათი მოზიდვა და შემდგომი კარიერული განვითარების ხელშეწყობა.
სასტიპენდიო პროგრამა "არემჯიმ" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2018 წელს დააწესა. კომპანია ხარისხიანი განათლების მხარდაჭერას, გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის ფარგლებში ახორციელებს, რაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.