logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კაზა სოლე" - ქართული არქიტექტურული პროექტი ვენეციის ბიენალეზე

TIMM Architecture-ის ბიუროს დამფუძნებლის, ნიკოლოზ ლეკვეიშვილის ინფორმაციით, ქართულმა არქიტექტურულმა პროექტმა ვენეციის ბიენალეზე ყურადღება მიიპყრო. პროექტის ფარგლებში, თბილისში, ბაგებში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება, სადაც ბინის შიდა სივრცე აივანთან მიმართებით 50%-50%-ზე იქნება. 

როგორც ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, აღნიშნული პროექტი ინოვაციაა, სადაც ადამიანის შიდა სივრციდან ნახევრად  საჯარო სივრცეში გამოყვანა სურთ. 

"ვენეციის ბიენალე მსოფლიოში მთავარი არქიტექტურული ღონისძიებაა. ჩვენს კურატორთან აქამდეც სხვადასხვა, აზრის გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, კერძოდ, კვლევები გაზიარებული გვქონდა. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ბაგებში გვაქვს, სადაც მთავარი ხაზი - აივანია. ჩვენი ამოცანა იყო, რომ საერთოდ ფასადი გაგვექრო მთელი შენობა ერთ დიდ აივნად გვექცია. ახლა პროექტის ნებართვა მიღებული გვაქვს და მშენებლობა ჯერ არ დაგვიწყია.

არსებობს ყოველთვის გატკეპნილი გზა, რაც ძალიან მარტივია... ამასთან, ყოველთვის არსებობს ინოვაცია და ხედვა. დამკვეთს ჩვენი ხედვა გავუზიარეთ, რაც ძალიან არატიპური იყო და ტიპური დეველოპერისთვის, შეიძლება, არამოგებიანი გახლდათ. ასე ვხედავთ, თანამედროვე არქიტექტორის ერთ-ერთი გამოწვევაა - ადამიანი შიდა სივრციდან ნახევრად  საჯარო სივრცეში გამოიყვანოს. ვენეციის ბიენალეს კურატორს გავუზიარეთ, რომ ადრე საქართველოში მსგავსი ტიპის აქტივობა არსებობდა, ანუ ერთგვარი "სალაყბო", რომელიც ნახევრად საჯარო სივრცე იყო, სადაც სამეზობლო ერთმანეთს ხვდებოდა. ჩვენ შეთავაზებული ე.წ. სალაყბო აივანი გვქონდა, ესაა სივრცე, სადაც სამეზობლო ხვდება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხედვა დამკვეთმა გაიზიარა.

მოგეხსენებათ, არქიტექტურა ყოველთვის ისტორიას ჰყვება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ისტორია არ დავკარგოთ. უნდა გავიაზროთ სად ვართ, ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ საერთაშორისო პროცესებისგან მოწყვეტილი ვართ. აუცილებელია ვიყოთ ყველგან, სადაც საერთაშორისო პროცესები იქმნება. თუ დასავლურ კულტურასთან გადაკვეთა არ გვექნება, შეიძლება უბრალოდ, ბიზნეს მოთხოვნებში დავიკარგოთ", - აღნიშნავს ნიკოლოზ ლეკვეიშვილი.

ცნობისთვის, "კაზა სოლე"  თბილისის ცენტრში, ბაგებში ლანდშაფტის ერთგვარი არქიტექტურული გაგრძელებაა. შენობა ქალაქს უყურებს, უკან კი მთებია. პროექტის ავტორი არქიტექტორი, "თიმმ არქიტექტს" ბიუროს დამფუძნებელი, ნიკოლოზ ლეკვეიშვილია.

ამასთან,ვენეციის არქიტექტურის ბიენალე, რომელიც ვენეციის ბიენალეს ნაწილია, არქიტექტურის საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ვენეციაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ დარგში მოღვაწე არქიტექტორებს და მათ ნამუშევრებს მასპინძლობს.

არქიტექტურის ბიენალეს საფუძველი 1980 წელს ჩაეყარა და დაარსების დღიდან დღემდე არქიტექტურაში თანამედროვე სოციალურ, ჰუმანიზმთან დაკავშირებულ და ტექნოლოგიურ გამოწვევებს პასუხობს.

პირველი გამოფენა, რომლის კურატორიც ვიოტორიო გრეგოტი იყო, ვენეციის ხელოვნების ბიენალეს ფარგლებში 1975 წელს ჩატარდა, თუმცა 1980 წლიდან, მაშინ როცა პირველი არქიტექტურის გამოფენა - La presenza del passato ჩატარდა, საფუძველი ჩაეყარა ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს, როგორც დამოუკიდებელ ღონისძიებას.

გამოგვყევით