logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თაიგულის შეძენა, მომხმარებლების დიდ ნაწილს 150-დან 200 ლარის ფარგლებში სურს" - ფლორისტი

ყვავილებზე ზრუნვა, შეძენა, ჩუქება ყოველთვის აქტუალური იყო და ახლაც გრძელდება. მომხმარებლების დიდი ნაწილის გემოვნება კი, ისევ არ შეცვლილა, უპირატესობას კვლავ კლასიკურ, წითელ ვარდებს ანიჭებს.  Anna’s Flowers-ის დამფუძნებელი, ფლორისტი, ანა ჩალაგაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ მყიდველების 60%-ს თაიგულის შეძენა 150-დან 200 ლარის ფარგლებში სურს.

ფლორისტის ინფორმაციით, გასულ წელს საშუალო ზომის თაიგული, დაახლოებით 100 ლარი ღირდა, თუმცა ფასის მატების მიუხედავად, მყიდველების დიდი ნაწილი უპირატესობას მაინც იმავე ზომის თაიგულს ანიჭებს. 

მისივე თქმით, ხშირია შეკვეთები ემიგრანტების მხრიდან განსაკუთრებით კი - ისრაელი, იტალია, საბერძნეთი ლიდერობს.

"საქართველოს მასშტაბით დაკვეთები ძირითადად თბილისიდანაა, ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ აქტიურობენ უცხოეთში მყოფი ქართველები, რასაც სწორ მარკეტინგულ კამპანიას ვუკავშირებ. უცხოეთიდან შეკვეთების წილი 30%-ია, 70% კი ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის, სადაც თბილისი უპირობოდ ლიდერობს. 

კონკრეტული ტენდენცია გვაქვს, ჩემი მომხმარებლების უმრავლესობა ვარდებს უკვეთავს. რა სახის ყვავილიც არ უნდა იყოს, ვარდები ყოველთვის პოპულარულია, უცვლელი ძველი კლასიკაა, რაც პოტენციურ მყიდველებს ძალიან უყვართ. ცხადია, მაქვს შემთხვევები, როდესაც ჩემს გემოვნებას ენდობიან, რაც ძალიან მახარებს.

ფასები სეზონისა და სახეობის მიხედვით მერყეობს და მუდმივად ცვალებადია, სტანდარტული ანაზღაურება არ გვაქვს, მაგრამ 3 ნაწილად შეგვიძლია, დავყოთ: პატარა ზომის თაიგულის ფასი 70-დან 100 ლარის ფარგლებში მერყეობს, საშუალო 150-დან 200-ს ლარამდეა და დიდი ზომის თაიგული 300 ლარიდან იწყება. მოკლედ, ყველაფერი ყვავილის სახეობაზე დამოკიდებული. ნედლეულს თბილისში, სამგორში ე.წ. ნავთლუღის ყვავილების ბაზარზე ვყიდულობ, საბითუმო ფასები აქვთ და შესაბამისად, ჩემთვის მისაღებია. ამ ეტაპზე, თბილისში პატარა სახელოსნო მაქვს და თაიგულებს ჩემი გვერდის მეშვეობით ვყიდი", - აღნიშნავს ანა ჩალაგაშვილი.

ფლორისტმა გაყიდვების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტემბრიდან 50%-იან ზრდას ელოდება.

"8 წელია ამ სფეროში ვარ და ყოველი ზაფხულის მოახლოება ყვავილების გაყიდვის რაოდენობის შემცირებას უდრის. ადამიანებს შვებულება ეწყებათ, მოგზაურობისთვის ემზადებიან, შესაბამისად, ცოტა ხნით, უკანა პლანზე გადავდივართ. სექტემბრიდან სკოლა, ბაღი, უნივერსიტეტი სეზონს აახლებს და გაყიდვების 50%-იან ზრდას ველოდები. ჩვენს სფეროში ვინც მუშაობს ყველამ იცის, რომ აქტიური სეზონი - მარტი და თებერვალია. 3, 8 მარტი, 14 თებერვალი ყვავილების ბუმი, ზეიმი გვაქვს", - აცხადებს ანა ჩალაგაშვილი.

მისივე თქმით, ბიზნესის განვითარებისთვის მუდმივი მარკეტინგული კამპანიები და მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაციაა საჭირო.

"მუდმივად ბაზრის მონიტორინგს ვაწარმოებ, მიმდინარე ტენდენციებს ვეცნობი და ვცდილობ პოტენციურ მომხმარებლებს ორიგინალური, არასტანდარტული თაიგული შევთავაზო. მაგალითად, ე.წ. ლარნაკის კომპოზიცია, ჩემი წამოწყებაა, უფრო კონკრეტულად, რომ გითხრათ, მომხმარებლებს სტანდარტული ბოქსის ნაცვლად, ლარნაკში მოთავსებულ ბუკეტს ვთავაზობ, რასაც პოზიტიური გამოხმაურება მოყვა კიდეც. გამოწვევების ჭრილში, რომ გესაუბროთ - ბევრია, თუმცა ორიგინალური მიდგომით მჯერა, სასურველი მიზნის მიღწევა შესაძლებელია", - აღნიშნავს ანა ჩალაგაშვილი.

გამოგვყევით