logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"აგვისტოს თვეში, კოტეჯის 50% უკვე დაჯავშნილია" - Slice of Heaven

ბათუმში, გონიოში მდებარე კოტეჯის Slice of Heaven -ის დამფუძნებლის, როენა წითელაძის ინფორმაციით, წინასწარი ჯავშნების ტენდენცია პოზიტიურია, კერძოდ, ტურისტულ ობიექტზე აგვისტოს თვის 50% უკვე დაკავებულია.

როგორც როენა წითელაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, წინასწარი ჯავშნების კუთხით, ვიზიტორების 50% ადგილობრივი მოსახლეობაა, ხოლო მეორე ნაწილი უცხოელ მომხმარებლებზე მოდის. 

ამასთან, როენა წითელაძის თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა მინიმუმ 20%-ით შემცირდა, რასაც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ ფონს უკავშირებს. 

"ადგილობრივები ძირითადად, ბათუმიდან გვსტუმრობენ, რაც შეეხება უცხოეთს, არაბები, ინდოელები აქტიურობენ.

სამწუხაროდ, მაისიდან ჩავარდნები გვაქვს, გასულ წელს მსგავსი სიტუაცია არ გვქონდა, თითოეული დღე დატვირთული იყო. აღნიშნულ ცვალებადობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ვუკავშირებ, ფასების ზრდა გვაქვს და ხალხს დასვენების საშუალება აღარ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კოტეჯის ფასი არ გაზრდილა, ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა ბიზნესს ძალიან ეტყობა", - აცხადებს კოტეჯის დამფუძნებელი.

როენა წითელაძე სამომავლო გეგმების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ოქტომბერში, იმავე ობიექტზე, მინიმუმ 3 კოტეჯის დამატებას გეგმავს, რომლის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 100 000 ლარს შეადგენს.

"მიმდინარე ტენდენციის მიუხედავად, გაფართოებას ვგეგმავ, მინიმუმ 3 კოტეჯის დამატებას ვაპირებ. მიწა ჩვენია და რაც მთავარია, მომავალში ვფიქრობ,რომ  ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება. გონიოში მიწის ფასი ძვირია და რადგან ამ პრობლემის წინაშე არ ვართ, გვინდა გავფართოვდეთ. ამჟამად, ბანკებთან მაქვს მოლაპარაკებები და თუ ყველაფერი დადებითად გადაწყდა, ოქტომბრიდან მშენებლობას დავიწყებ", - აღნიშნავს როენა წითელაძე.

კოტეჯის დამფუძნებელი ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გონიოში გზის სანიშნე ნიშნულების პრობლემა არ აქვთ.

"გზა ბოლომდეა მოყვანილი, წყალი, გაზი, დენის პრობლემა არ გვაქვს. სანიშნე ნიშნულებიც არის, მოკლედ, ტურისტისთვის ამ მიმართულებით პრობლემა არ იქმნება. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ - საპირფარეშოების პრობლემას ვაწყდებით, რაც იმედია, მალე მოგვარდება.

რაც შეეხება, კოტეჯის ფასს ღირებულება სეზონურია და 200-დან 350 ლარამდე მერყეობს", - აღნიშნავს როენა წითელაძე.

ცნობისთვის, ბათუმში, გონიოში მდებარე კოტეჯი Slice of Heaven ადგილობრივ ბაზარზე 1 წელია ოპერირებს. 

გამოგვყევით