logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ზვიად კორძაძე კახეთში შატოს, სავარაუდოდ, სექტემბერში გახსნის

საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში კოტეჯების და სასტუმროს მშენებლობა დაახლოებით, დეკემბრის ბოლოს დასრულდება. ასევე, იწყება მარნის, საწარმოო ფართის მშენებლობა, სადაც მომდევნო რთველის მიღებას ვგეგმავთ, - ამის შესახებ  "ბარბალეს მარნის" დამფუძნებელმა ზვიად კორძაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 მლნ. ლარამდე იქნება. ზვიად კორძაძის თქმით, შატოს გახსნის პარალელურად კომპანია წარმადობის გაორმაგებას და როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს.

"უჯარმაში კოტეჯების და სასტუმროს მშენებლობა დაახლოებით, დეკემბრის ბოლოს დასრულდება. შატოს გახსნის შემდეგ ჩვენი წარმოება, ღვინის მარანი, ვენახები, ტურისტული მიმართულება, მათ შორის, კოტეჯები, სადეგუსტაციო სივრცე და სხვ. ერთ ლოკაციაზე იქნება კონცენტრირებული. ამის შემდეგ კი ვფიქრობთ, რომ ბაზრების გაფართოების და ტურისტების მოზიდვის საშუალებაც გვექნება.

ამჟამად წარმოდგენილები ვართ 2 ქვეყანაში - ამერიკაში და გერმანიაში. ექსპორტზე ჯამში ჩვენი წარმოების 20% იყიდება. გაფართოება იგეგმება, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ამ კუთხით, თუმცა მცირე მარნებისთვის ეს პროცესი საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. ჩვენი პრიორიტეტი არის ევროპული ქვეყნები, თუმცა ერთ-ერთი მიმართულება რაზეც ვმუშაობთ არის ის, რომ წარმოდგენილები ვიყოთ იაპონიაში", -  ზვიად კორძაძე. 

მარნის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამჟამად, კომპანიის წლიური წარმადობა 10 000 ბოთლამდეა.

"ბარბალეს მარანი" ცნობილმა ადვოკატმა 2014 წელს შექმნა. მარანი ამჟამად შინდისში მდებარეობს, თუმცა უჯარმაში, შატოს გახსნის შემდეგ, აღნიშნული მარანი გაფართოებული სახით შატოს ტერიტორიაზე გადავა.  "ბარბალეს მარანი" ამ ეტაპზე 8 სახის ღვინოს აწარმოებს. მათ შორის, ისეთ გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა ოცხანური საფერე, ციცქა-ქოლიკაური, უსახელოური, ხიხვი, ხვანჭკარა და სხვა. 

გამოგვყევით