logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქცია კონტროლს დაექვემდებარება

კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები, საღებავები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ქიმია და ქიმიური ნივთიერებების შემცველი ყველა სხვა პროდუქცია კონტროლს დაექვემდებარება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კოდექსი“ შემოაქვს. მთავარი მიზანი ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების მავნე ზემოქმედებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვაა.

კანონით განისაზღვრება, როგორი უნდა იყოს საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდება და ეტიკეტირება, საშიში ქიმიური ნივთიერებების ექსპორტ-იმპორტი. შესაბამისი ფუნქციებით აღჭურვისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი სააგენტოს შექმნაც იგეგმება.

ახალი კანონი, რომელსაც სამინისტრო ამზადებს, ევროკავშირთან ჰარმონიზების ნაწილია და კანონით განისაზღვრება იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ყიდიან შესაბამის ქიმიურ ნივთიერებებს, ნარევებს, საგნებს. ეს ნიშნავს იმას, რომ კონტროლს დაექვემდებარება როგორც სამრეწველო პროცესებში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, ასევე ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო პროდუქტები - საწმენდი საშუალებები, საღებავები, ტანსაცმელში, ავეჯსა და ელექტრომოწყობილობებში და სხვა საგნებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, საუბარია იმაზე, ესა თუ ის პროდუქტი რამდენად შეიცავს ტოქსიკურ, აალებად, ფეთქებად თუ სხვა ტიპის ნივთიერებებს. კანონით იქნება განსაზღვრული, თუ რას მოიცავს საშიში ქიმიური ნივთიერებები, როგორი უნდა იყოს მათი წარმოება, იმპორტ-ექსპორტი, შეფუთვა და ეტიკეტირება. გათვალისწინებულია ქიმიური ნივთიერებების რეესტრის შექმნაც, სადაც შესაძლებელი იქნება ქიმიური ნივთიერებებთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მოძიება. კანონი ეტაპობრივად შევა ძალაში და სრული მასშტაბით, ერთბაშად არ ამოქმედდება.

„ჯერ ძალაში შევა კლასიფიცირების მოთხოვნები ნივთიერებებისთვის, შემდეგ ეტაპობრივად, ნარევებისთვის. მოგვიანებით, ძალაში შედის რეგისტრაციის ვალდებულება, ყველაზე ბოლოს კი, საგნებთან დაკავშირებული მოთხოვნები. იმიტომ, რომ ეს კანონი ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა რეგულირების საკითხებს იმ საგნებისთვის, რომელთა შემადგენლობაში საშიში ნივთიერებებია, რათა მომხმარებელი საქმის კურსში იყოს, როდესაც მაღაზიაში კონკრეტულ საგანს ყიდულობს და იცოდეს, რომ იმ საგანში რაღაც ნივთიერებაა, რომელიც კატეგორიზებული უნდა იყოს სხვადასხვა ნუსხებში. ამ ნუსხებიდან რომელიმე ნივთიერებას თუ შეიცავს, მომხმარებელს ექნება შესაძლებლბა, რომ ინფორმაცია ჰქონდეს ამის შესახებ“ - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელი ანა ბერეჟიანი.

კანონის ამოქმედების შემდეგ, გარკვეული ფინანსური ხარჯების გაწევა მოუწევთ სფეროში მომუშავე კომპანიებს, მათ წარმოექმნებათ ისეთი ხარჯები, როგორიცაა ნივთიერებების კლასიფიკაცია, ნივთიერებების გამოცდა, ქიმიური პროდუქტების ეტიკეტების შეცვლა, უსაფრთხოების სერტიფიკატების მომზადება ან თარგმნა, პერსონალის ტრენინგი და ა.შ.

კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში უახლოეს პერიოდში იგეგმება. მანამდე კი, კიდევ ერთი საჯარო განხილვაა დარჩენილი.  

გამოგვყევით