logo
Loading data...

დავით უტიაშვილმა სსფ-ს და ბელგიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დავით უტიაშვილმა სსფ-ს და ბელგიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

1707814840

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ბელგიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამართულ პანელში "გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და ფინანსური სტაბილურობა" მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციას ასევე დაესწრო ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.

კონფერენციის მთავარი მომხსენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა იყო.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გადმოცემასა და ფინანსურ სექტორზე მის გავლენაზე. მან ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რაც უცხოური ვალუტის მსესხებლებს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების გამო შეექმნათ. დავით უტიაშვილმა აღნიშნა, რომ მოწყვლადობის ზრდის მიუხედავად, პოზიტიური მაკროეკონომიკური ტენდენციებისა და სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ფინანსური სექტორის სტაბილურობას რაიმე საფრთხე არ შექმნია. მეტიც, უმოქმედო სესხების მაჩვენებელი ბოლო ათწლეულების მინიმუმთანაა.



"მსესხებლების გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად სებ-მა არაერთი მაკროპრუდენციული  ინსტრუმენტი დანერგა, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში. სესხის თანხის მინიმალურ ზღვართან ერთად, დაწესებულია მკაცრი მოთხოვნები სესხის მომსახურების კოეფიციენტზე, შეზღუდულია მაქსიმალური ვადიანობა, მსესხებელს მოეთხოვება ბუფერი, რომ გაუძლოს განაკვეთის 3%-იან შოკს. სწორედ სებ-ის  გონივრული პოლიტიკის შედეგია, რომ განაკვეთების ამ მასშტაბის რყევების მიუხედავად, აქტივების ხარისხი მაღალ დონეზე ნარჩუნდება", - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

პანელში ასევე მონაწილეობდნენ ხორვატიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ბორის ვუჩიჩი, ისრაელის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ამირ იარონი და ლევენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჰანს დეგრისი.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით