„წელსაც საკმაოდ სოლიდურ შენატანს გავაკეთებთ ჩვენს საერთაშორისო რეზერვებში, ამის საშუალებას გვაძლევს ეკონომიკა“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სავალუტო რეზერვებთან დაკავშირებით გაკეთებულ პროგნოზს მართებულს უწოდებს და ამბობს, რომ სავალუტო რეზერვები საჭიროების შემთხვევაში უნდა იხარჯებოდეს, რათა დასტაბილურდეს სავალუტო ბაზარზე შესაძლო რყევები და ლარის მიმართ ნდობა შენარჩუნდეს და მომავალში ჯანსაღი მაკროეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე რეზერვების შეივსოს.
მისივე განცხადებით, შარშანდელი წმინდა გაყიდვები არათუ გადაიფარა წლევანდელი შესყიდვებით, არამედ უკვე ბევრად მეტია და თუ ყველაფერი არსებული ტენდენციით წარიმართა, რა ტენდენციასაც ეროვნულ ბანკში ხედავენ - ძლიერი სავალუტო შემოდინებები და ჯანსაღი მაკროეკონომიკური ვითარება, საერთაშორისო რეზერვები წელსაც შეივსება.
„ამის საშუალებას გვაძლევს ეკონომიკა, კონკრეტულად, გაზრდილი ექსპორტი, მათ შორის, მომსახურებისაც, რაც არის ერთ-ერთი მთავარი არხი, რომლითაც შემოდის უცხოური ვალუტა ქვეყანაში, მზარდი ტურიზმი, სადაც მოლოდინია, რომ შემოვა სერიოზული სავალუტო შემოდინება, ასევე, იზრდება გზავნილები - ძირითადად ევროკავშირიდან და აშშ-დან და ინვესტიციები, რაც საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დააბალანსოს. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება, გარკვეულ წილად, მოულოდნელად მაღალ შედეგებსაც მივაღწიოთ რეზერვების შევსებასთან დაკავშირებით“, განაცხადა ნათია თურნავამ.