სვანეთში, მესტიაში მდებარე "მთის ქოხების" დამფუძნებლის, ეკატერინე ჯაფარიძის ინფორმაციით, დასასვენებელ ობიექტზე ჩასულ ევროპელ ტურისტებს ადგილობრივი სამზარეულო განსაკუთრებით მოსწონთ.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ეკატერინე ჯაფარიძე აღნიშნავს, აზიელ სტუმრებს რაც შეეხება, ჯერჯერობით, სრულ სურათს არ ფლობს, რადგან კომპანიას, ამ ეტაპზე, აზიელი ვიზიტორების დიდი ნაკადი არ მიუღია, შესაბამისად, რაიმე სახის ტენდენციაზე საუბარი უჭირს.
"ამჟამად, 80%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ, ხოლო აგვისტოში და სექტემბერში წინასწარი ჯავშნები გვაქვს. განსაკუთრებით უცხოელების მხრიდან, კარგად იცით, რომ მათ თავისუფალი დროის დაგეგმვა წინასწარ მოსწონთ. უშუალოდ ჩვენს ტურისტულ ობიექტს, რაც შეეხება - 5 ხის კოტეჯი და კაფე გვაქვს, თითო კოტეჯი 4 ადგილიანია. უცხოელ ვიზიტორებს განსაკუთრებით, კუბდარი, ჭვიშტარი, თაშმიჯაბი (კარტოფილში მოხარშული ყველი) ადგილობრივი კერძები მოსწონთ, ასევე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ქართული ღვინოს.
ვიზიტორების რაოდენობას, რაც შეეხება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე უცხოელების წილი ნახევარი ნახევარზეა. უცხოელები ძირითადად: ბელორუსიიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან არიან", - აღნიშნავს ეკატერინე ჯაფარიძე.
"მთის ქოხების" დამფუძნებელი ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მესტიაში წყალი, გზა, სანიშნე ნიშნულები მოწესრიგებულია, თუმცა აღნიშნული მიმართულებით მეტი სამუშაოა ჩასატარებელი.
"სვანეთზე ტურისტების მხრიდან მოთხოვნა მზარდია. აქ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს ზაფხულში განსაკუთრებით ჰაიკინგის მიმართულება მოსწონთ, ხოლო ზამთარში, ცხადია, სათხილამურო ტრასაა აქტუალური, ჩვენს თოვლს ხშირად ტურისტები შვეიცარიისას ადარებენ.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რაც შეხება გზა, წყალი, სანიშნე ნიშნულები მოწესრიგებულია, თუმცა კიდევ უფრო განვითარება გვჭირდება, მაგალითად, ბევრი სამკურნალო თვისების წყალი გვაქვს, რაც გამოყენებული უნდა იყოს. ამასთან, კარგი იქნება თუ გასართობი მიმართულებით, საკურორტო ზონას სხვადასხვა, აქტივობა დაემატება", - აცხადებს კოტეჯების დამფუძნებელი.
ეკატერინე ჯაფარიძე სამომავლო გეგმებსაც ეხება და აანონსებს, რომ სამომავლოდ ტურისტული ობიექტის გაფართოება იგეგმება, თუმცა როდის და საინვესტიციო ღირებულება რამდენი იქნება, ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
ცნობისთვის, მესტიაში, "მთის ქოხები" საბაგიროს გვერდით მდებარეობს და ადგილობრივ ბაზარზე უკვე 6 წელია ოპერირებს.