logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

"ყველა მშობიარე მოისურვებს "ვარსკვლავი" ექიმის აყვანას, ეს კი ტექნიკურად შეუძლებელია"

"ყველა მშობიარე მოისურვებს "ვარსკვლავი" ექიმის აყვანას, ეს კი ტექნიკურად შეუძლებელია"

1701176760

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მშობიარობის ან საკეისრო კვეთის დროს სხვა სერვისებთან ერთად, სახელმწიფო პაციენტს აყვანილი ექიმის მომსახურებასაც  დაუფინანსებს, საზოგადოებისა და თავად კლინიკების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, სამშობიაროების ნაწილი, მაგალითად დავარაშვილის კლინიკა თანაგადახდის პრინციპის შენარჩუნებას მაინც ითხოვს. მაგალითად, მათი თქმით, მშობიარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ვიპ-პალატის ან სხვა სერვისების მიღების სურვილის შემთხვევაში, თანხის დამატებით ამ მომსახურების შეძენის უფლება ჰქონდეს.

ახლა კი ირკვევა, რომ ცვლილებაში კლინიკების წარმომადგენლები სხვა პრობლემასაც ხედავენ. როგორც ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა jandacva.ge-ს განუცხადა, 
„ექიმის აყვანის“ სპეციფიკა ისაა, რომ ის ნებისმიერ დროს უნდა მივიდეს პაციენტთან. არაერთ კლინიკაში, განსაკუთრებით კი რაიონებში, მხოლოდ ერთი „ვარსკვლავური“ ექიმია, რომლის მომსახურებასაც ყველა მშობიარე მოისურვებს, რასაც ექიმი თავს ვერ გაართმევს.

„ნებისმიერ პაციენტს ნებისმიერ დროს საავადმყოფოში მორიგე მეანი ხვდება. თუმცა მაგალითად, თუ კლინიკაში 12 ექიმია, მათგან 1-2-ია „ვარსკვლავი“. ის, საჭიროების შემთხვევაში, ისედაც უნდა მივიდეს კლინიკაში, მაგრამ სხვა თემაა, როცა ის „აყვანილი ექიმია.“  როცა მშობიარეებმა იცოდნენ, რომ ექიმის აყვანისთვის დამატებითი თანხა უნდა გადაეხადათ, ამ სერვისით 100-დან 5 ქალი სარგებლობდა. ახლა კი, ყველა მშობიარეს მისი აყვანა მოუნდება. ტექნიკურად როგორ  წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მოემსახუროს ამდენ მშობიარეს ერთი ან ორი ექიმი?“ - განაცხადა მაია მახარაშვილმა.

Jandacva.ge-ს კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში, რატომაა დარღვევა, რომ კლინიკამ მშობიარეს სხვა მეანების „აყვანა“ შესთავაზოს, მაია მახარაშვილმა განაცხადა, რომ მშობიარეების მხრიდან ამას უკმაყოფილება და პრეტენზიები მოჰყვება.

ეს საკითხი იყო ერთერთი თემა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროში “ჯანდაცვის ასოციაციის” და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. 
 
შეხვედრას მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური უძღვებოდა. მაია მახარაშვილის თქმით, პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ გზებზე შეთანხმება არ მომხდარა, სამინისტროს მხრიდან კი გაჟღერდა პოზიცია, რომ ეს კლინიკისა და პაციენტს შორის მოლაპარაკების თემაა.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან  სამშობიაროებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, ბენეფიციარებს დამატებითი თანხები გადაახდევინონ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. დაფინანსება  მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურსაც. ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ  და არაპირდაპირ ხარჯს. ამასთან, საკეისრო კვეთისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის დაფინანსება გათანაბრდა და 1 222 ლარით განისაზღვრა.

თუ მშობიარეს სურს ვიპ-პალატით მომსახურება ან საკეისრო კვეთის ჩვენების გარეშე გაკეთება, მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთჯერადად უნდა დატოვოს და ყველა ხარჯი თავად დაფაროს.

Jandacva.ge

გამოგვყევით