logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო

ComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო

1754903627

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო. კომისია 24 საათიან რეჟიმში რაოდენობრივ მონიტორინგს 55 ტელემაუწყებელზე ჩაატარებს, საზოგადოებრივ მაუწყებლებსა და 5 ყველაზე რეიტინგულ არხზე, მათ შორის „ტელეიმედზე“, „რუსთავი 2“-ზე, „პოსტვ“-ზე, „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველზე“,  საუკეთესო დროს, 19:00-დან 24:00 საათამდე პერიოდში, დამატებით გაშუქების ტონს დააკვირდება.

მონიტორინგის პროცესში კომუნიკაციების კომისია  წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება.

მედიამონიტორინგის გარდა, კომუნიკაციების კომისია აქტიურად აღასრულებს საარჩევნო კოდექსით გაწერილ მოთხოვნებს წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებით.

მაუწყებლებს აქვთ შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული გზამკვლევით იხელმძღვანელონ, რომელიც კომისიამ საარჩევნო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას კანონმდებლობის დაცვის მიზნით, გამოაქვეყნა. გზამკვლევის მიზანია, მაუწყებლებისთვის მკაფიო და განჭვრეტადი იყოს ის საკითხები, რომლებიც არჩევნების გაშუქებისას საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს. გამოქვეყნებული დოკუმენტი საინფორმაციო-სარეკომენდაციო ხასიათისაა და მაუწყებლებს დაეხმარება მათი საქმიანობის სწორად წარმართვაში, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის წინასწარ განჭვრეტადი იქნება წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისას კომუნიკაციების კომისიის როგორც ხედვები, ისე კანონმდებლობის დარღვევების შემთხვევაში, კომისიის მიდგომები. გზამკვლევში დეტალურად არის განმარტებული ყველა ის ვალდებულება, რომელსაც კანონი აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს აკისრებს, მათ შორის პოლიტიკური რეკლამის მიმართ მოთხოვნები, ასევე, მაუწყებლების ვალდებულებები ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნებასა და წინასაარჩევნო დებატებთან დაკავშირებით, როგორც შინაარსობრივი, ისე გავრცელებისთვის განსაზღვრული პერიოდის კუთხით. დოკუმენტში ასევე მოცემულია მედიის მიერ საარჩევნო საკითხების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი ნორმების მიმოხილვა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საარჩევნო კოდექსისა და კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული დადგენილებების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია წლებია წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგს, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული მეთოდოლოგიის შესაბამისად ატარებს და მაუწყებლებს ევროსაბჭოს მხარდაჭერით, ევროპის საბჭოს ექსპერტის რასტო კუზელის მიერ გადაამზადებული მონიტორებით აკვირდებიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგს კომუნიკაციების კომისია 4 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარებს და მონიტორინგის ანგარიშებს გამოაქვეყნებს.

გამოგვყევით