logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

მეღვინეობა "იორა" - ქართული ბიოღვინო დიდი მიზნებით

რუბრიკა - ღვინის გზა 

ქართული ბიოღვინო დიდი მიზნებით - "ბიზნესპარტნიორის" რუბრიკის "ღვინის გზის" ფარგლებში გაგაცნობთ მეღვინეობას, რომელიც სოფელ ნინოწმინდაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და 2014 წლიდან "იორას" ბრენდის ქვეშ, 5 სახეობის ბიო ღვინოს აწარმოებს.

როგორც "იორას" დამფუძნებელი, კონსტანტინე თოფურია "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში ამბობს, ადგილს, სადაც 2.5 ჰექტარზე გაშენებული ვენახი აქვთ, გადმოცემის თანახმად ადგილობრივები "ნაზვრებს" უწოდებენ, რაც ნიშნავს, რომ აქ ადრე იყო ზვრები და მევენახეობისთვის საკმაოდ კარგ ადგილად ითვლებოდა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადგილზე გაგვეშენებინა აბორიგენული ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც ამ რეგიონისთვისაა დამახასიათებელი, ეს არის რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი და საფერავი. შემდეგ ნარგავებში აღმოვაჩინეთ ძველი ქართული ჯიში ბუერაც, რამაც განსაკუთრებული აქცენტი შემოიტანა ჩვენს მეღვინეობაში.“- ამბობს კონსტანტინე თოფურია.

მეღვინეობა ბიო მეთოდით ღვინის წარმოებაზეა ორიენტირებული, რაც ნიშნავს რომ ვენახი  ქიმიკატებისა და პესტიციდებისგან თავისუფალ გარემოში უნდა იყოს.

"ყურძენს არ ვყიდულობთ, მხოლოდ საკუთარი ვენახებიდან მოწეული მოსავლიდან ვაყენებთ ღვინოს, ვინაიდან დარწმუნებული ვართ მის ხარისხში. მარნის განლაგება არის იმ სტანდარტებითა და დაკვირვებებით, როგორც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. მარნის მშენებლობისთანავე მოვაწყვეთ სადეგსტაციო სივრცეები, როგორც შიდა, ასევე გარე. ჩვენი სტუმრები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათთვის ყველაზე საინტერესოა მარნის ადგილმდებარეობა, რომელიც ფაქტობრივად პირდაპირ ვენახშია აშენებული. ეს თავის მხრივ ღვინის ხარისხზეც აისახება, რადგან მოკრეფილი ყურძენი 15 წუთში უკვე ქვევრში ხვდება, შესაბამისად ყველა სიკეთის შენარჩუნებას განაპირობებს დაღვინების პერიოდში,"- აცხადებს "იორას" დამფუძნებელი

მეღვინეობის ტერიტორიაზე განვითარებულია ტურისტული ინფრასტრუქტურაც, რაც კომპანიას დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს აძლევს.

"გვაქვს 9 ნომრიანი მცირე სასტუმრო, რომელიც წელსვე დაიწყებს სტუმრების მიღებას და მისი შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სტუმარს საშუალება ექნება ისიამოვნოს აუზით, დაისვენოს ბუნებაში, დააგემოვნოს ჩვენი კერძები, ღვინო და ისარგებლოს ყველა იმ მომსახურებით, რაც შეიძლება, რომ ეკომეგობრულ გარემოში მიიღოს."-ამბობს კონსტანტინე თოფურია.

გამოგვყევით