logo
Loading data...

"წელს ტურისტებს აპითერაპიულ სერვისს შევთავაზებთ, მომავალში კი აპისახლებს მოვაწყობთ - ეკო სასტუმრო "ზებო"

"წელს ტურისტებს აპითერაპიულ სერვისს შევთავაზებთ, მომავალში კი აპისახლებს მოვაწყობთ - ეკო სასტუმრო "ზებო"

1713250500

ზემო აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში მდებარე ტურისტული ობიექტი ‘’ზებო“ მომხმარებლებს წლევანდელ სეზონზე აპითერაპიულ სერვისს შესთავაზებს.

როგორც კომპანიის  დამფუძნებელი, მეწარმე  ზებურ ბოლქვაძე "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, იგეგმება ფუტკრის პროდუქტების  წარმოება სამკურნალო დანიშნულებით, ხოლო მომავალ წელს მცირე კოტეჯები, ე.წ. აპისახლები განთავსდება.

აპითერაპია არის სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის მიზნით ფუტკრის პროდუქტების გამოყენება. როგორც მეწარმე განმარტავს, ეს შეიძლება იყოს ფუტკრის შხამი, პროპოლისი, ფუტკრის რძე, ფუტკრის პური (ჭეო), ყვავილების მტვერი და სხვა, რაც ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების  წყაროდ მიიჩნევა.

რაც შეეხება აპისახლის კონცეფციას, ეს არის ხის ეკო კოტეჯში განთავსებული ბადიანი სკა, საიდანაც  ფუტკრების ჰაერით სუნთქვითი პროცედურა ხდება.

სკაში თავმოყრილი  ფუტკრის პროდუქტების  ერთობლიობა სპეციფიკურ ,,არომატს”ქნის, რაც სასარგებლოა ყველასთვის, განსაკუთრებით კი იმუნიტეტის ასამაღლებლად და სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

თითო კოტეჯში შესაძლებელია ფუტკრის ერთი ოჯახი განთავსდეს.

ბოლქვაძის განმარტებით, აპიტურიზმით საქართველოსთვის ჯერ კიდევ ახალი ტურისტული სერვისია, რომელსაც სხვა ქვეყნებში კარგად იცნობენ, შესაბამისად, პოტენციური მომხმარებელი შეიძლება იყოს ყველა, ვინც დასვენებას ეკო ტურისტულ ობიექტებში ირჩევს.

აღსანიშნავია, რომ ზებურ ბოლქვაძე ერთ-ერთია იმ გამარჯვებულთაგან, რომელმაც წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო მიიღო. ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით გამართულ გალა ღონისძიებაზე მან 2023 წლის პროფესიული განათლების სტუდენტის კატეგორიაში გაიმარჯვა.

როგორც ‘’ზებოს“ დამფუძნებელი აღნიშნავს, მიღებულ ცოდნას სწორედ აპიტურიზმის განვითარებისთვის გამოიყენებს.

‘’ვიზიტორებს შესაძლებლობას მივცემთ, ჩაერთონ აგროტურებში მეფუტკრეობის განხრით და გაეცნონ ფუტკრების საინტერესო ცხოვრებას,  მონაწილეობა მიიღონ  საფუტკრის სამუშაოებში, დაწურონ თაფლი და დააგემოვნოს ფუტკრის პროდუქტები. პირველი მცდელობა გვქონდა შარშან, გერმანელ ტურისტებს ვმასპინძლობდით და ინიციატივა გამოიჩინეს და თაფლის დამზადების პროცესში ჩაერთნენ. წელს ვაპირებ სამკურნალო სერვისი დავამატო, რის შესაძლებლობას სწორედ აპითერაპია იძლევა. დღეს ეს სფერო ტრენდულია უამრავ ქვეყანაში. როგორც ტურისტული პროდუქტი, ბოლო წლებში გახდა პოპულარული, თუმცა ფუტკრით მკურნალობის ტრადიცია უამრავს წელს ითვლის. მას იყენებდნენ ჩვენი წინაპრები ორგანიზმის გასაკაჟებლად, მაგრამ  აქამდე რატომღაც ვერ განვითარდა ეს დარგი საქართველოში“, - აცხადებს ზებურ ბოლქვაძე.

მისი ინფორმაციით, 'ზებო" წლიურად 300 კილოგრამამდე თაფლს აწარმოებს, რომლის მომხმარებლები მთლიანად სასტუმროს დამსვენებლები არიან. აპისახლის მოწყობას მეწარმე სააგენტო ‘’აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით შეეცდება.

მისი გათვლით, თითო კოტეჯის საინვესტიციო ფასი 50 000 ლარის ფარგლებშია. საწყის ეტაპზე ‘’ზებოს“ დამფუძნებელი 4 კოტეჯის მოწყობას გეგმავს. თითო კოტეჯში 4 ადამიანზე იქნება გათვლილი. 

ეკოტურისტული ობიექტის გრძელვადიან გეგმაშია აპისოფლის მოწყობა, რასაც დასვენებისა და შემეცნებითი დანიშნულება ექნება, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, ამიტომ  დეტალებზე ბოლქვაძე ჯერჯერობით ვერ საუბრობს.

ცნობისთვის, სასტუმრო "ზებო აჭარაში, სოფელ გობრონეთში 2007 წელს დაფუძნდა.  საოჯახო სასტუმროს პარალელურად მოწყობილია ეთნო ეზო, სადაც გამოფენილია ძველი აჭარული ნივთები და სხვადასხვა აქსესუარი. პროექტი მიზნად ისახავს გობრონეთი რეგიონში ტურისტულ ცენტრად იქცეს.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით