logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"იმედია, რომ დაგეგმილზე უფრო სწრაფადაც შევძლებთ ანაკლიის პორტის ოპერირების დაწყებას" - პრემიერი

"იმედია, რომ დაგეგმილზე უფრო სწრაფადაც შევძლებთ ანაკლიის პორტის ოპერირების დაწყებას" - პრემიერი

1729593780

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს, -  ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება - მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს უსაფრთხოებას.

„რამდენიმე დღის წინ, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ჩვენ ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღების თარიღად 2029 წელი დავასახელეთ. თუმცა ვფიქრობ, რომ სამუშაოები უფრო მაღალი ტემპით წარიმართება. უკვე გვყავს პროფესიონალი კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოები ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დაგეგმილზე უფრო სწრაფადაც შევძლებთ ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედებას და პორტის ოპერირების დაწყებას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს. ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას.

ყველა თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის განხორციელებას. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებული მადლობა პირველ ვიცე-პრემიერს, რომელიც წარმართავს შესაბამის პროცესებს, მადლობა ჩვენს პარტნიორ კომპანიას და კომპანიის წარმომადგენელ იან დე ნულს, მადლობა კომპანიის თითოეულ წარმომადგენელს, ინჟინრებს, მშენებლებს, ყველა ადამიანს, რომელიც ჩართულია ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, „იან დე ნული“  ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან შეირჩა.

„იან დე ნული“  ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. „იან დე ნული“  ჯგუფის საქმიანობა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა, სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება. კომპანიის  ოპერირების  გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და სხვ.

აღსანიშნავია, რომ „იან დე ნულ“ ჯგუფის  მიერ სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებულია ისეთი მსხვილი პროექტები, როგორებიცაა - პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, the Palm Jebel Ali - დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო.

გამოგვყევით