თურქეთი მცირე ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშესაწყობად კანონპროექტს ამზადებს. როგორც Reuters-ს თურქმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, კანონპროექტის მიზანი მცირე მოდულური რეაქტორების მშენებლობის მხარდაჭერაა, რათა ქვეყანამ ატომური ელექტროსადგურების პერსპექტივა აითვისოს და ელექტროენერგიის წარმოების დივერსიფიკაცია განახორციელოს.
Reuters-ის ცნობით, ამ დროისთვის, თურქეთი გეგმავს მინიმუმ, სამი ატომური ელექტროსადგურის აშენებას, ჯამში 15000 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მისაღებად. ოთხი რეაქტორი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში - აკუიუში განთავსდება, რომელსაც რუსული კონგლომერატი Rosatom აშენებს; მეორე - შავი ზღვის პროვინცია სინოპში, ხოლო მესამე - თრაკიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში აშენდება.
“თურქეთში ატომური ენერგეტიკის მოქმედი კანონი პირდაპირ არ ეხება მოდულურ მცირე რეაქტორებს, ამიტომ, საჭიროა ახალი კანონმდებლობა, რათა ხელი შეეწყოს SMR ტიპის სადგურების მშენებლობას. შესაბამისმა ინსტიტუტებმა უკვე დაიწყეს მუშაობა SMR-ის შესახებ კანონპროექტზე“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დაამატა, რომ თურქეთის მთავრობას სურს, პარლამენტმა კანონი მომავალ წელს მიიღოს.
დღესდღეობით, თურქეთს მოქმედი კომერციული ატომური რეაქტორები არ გააჩნია. თუმცა, მშენებლობის პროცესშია აკუიუს ატომური ელექტროსადგურის ოთხი რეაქტორი, რომლის გაშვება 2025 წელს იგეგმება.
თურქეთი თავისი ენერგიის დიდი ნაწილის იმპორტს ახორციელებს - 2022 წელს მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 75% იმპორტირებული იყო. ატომური ენერგიის განვითარება ქვეყნის სამიზნე ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია და მიზნად ისახავს შემცირდეს მისი დამოკიდებულება რუსულ გაზსა და ელექტროენერგიაზე.