BlueTabla-ს პროდუქცია ინგლისის ბაზარზე გაიყიდება. როგორც ქართული ისტორიის, ხელოვნების, ტრადიციების და კულტურის მოტივებზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების კომპანიის Bluetabla-ს წარმომადგენელმა გიორგი შენგელიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნულ ბაზარზე კომპანია აქტიურ გაყიდვებს დეკემბრიდან დაიწყებს.
მისივე ინფორმაციით, BlueTabla-მ ინგლისში კომპანია უკვე დაარეგისტრირა.
"თავდაპირველად, ჩვენი პროდუქცია ბრიტანეთის amazon-იდან, ონლაინ გაიყიდება და გარდა ამისა, bluetabla.com იქნება საერთაშორისო გაყიდვებისთვის. ჩვენ ინგლისის ბაზარზე ვართ ამ ეტაპზე ფოკუსირებული, თუმცა ინგლისიდან მოხდება სხვა ქვეყნებშიც მიწოდება. ახლა მიწოდებას საქართველოდან ვახორციელებთ, თუმცა აღნიშნული პროექტის განვითარების შემდეგ, ჩვენი პროდუქცია გაიგზავნება ინგლისში და იქიდან მოხდება სხვადასხვა ქვეყანაში განაწილება.
ინგლისის გარდა, მოთხოვნის ზრდა დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ამ კუთხით განვითარებასაც ვგეგმავთ", - აცხადებს გიორგი შენგელია.
კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, Bluetabla აქტიურად გეგმავს ექსპორტის მიმართულების განვითარებას, თუმცა ფოკუსირება ადგილობრივ ბაზარზეც იქნება.
ცნობისთვის, Bluetabla ბაზარზეა 2014 წლიდან და დღესდღეობით ასაქმებს 67 ადამიანს.
კომპანია ფლობს 12 მაღაზიას, მათ შორის, 8 თბილისში მდებარეობს. ასევე მოქმედებს ონლაინ www.bluetabla.ge, რომლის მეშვეობით პროდუქციის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.