რაჭაში, ამბროლაურში მდებარე სასტუმრო "მეტეხარას" დამფუძნებლის, ლელა ბერაძის ინფორმაციით, MICE ტურიზმი (ე.წ. საქმიანი ტურიზმი) საქართველოში აქტიურად ვითარდება. როგორც ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, წელიწადში კორპორაციული შეკვეთების წილი 15%-ს შეადგენს, სადაც ვიზიტორები ძირითადად საკონფერენციო დარბაზის არსებობით ინტერესდებიან.
ლელა ბერაძის ცნობით, საკონფერენციო დარბაზზე მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, ასევე ტურისტებისგან მუდმივად მზარდია.
"ნებისმიერი სასტუმროსთვის საკონფერენციო დარბაზის ქონა დღესდღეობით აუცილებელია და ჩვენც გვაქვს. კერძოდ, შეხვედრების სივრცე ყველა საჭირო საშუალებითაა აღჭურვილი, სადაც მაგიდის ირგვლივ, 30 პერსონის განთავსებაა შესაძლებელი, ხოლო მთლიანად დარბაზში 45 ადამიანი ეტევა.
MICE ტურიზმი, ე.წ. საქმიანი ტურიზმი საქართველოში კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, რადგან მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, ასევე ტურისტებისგან მუდმივად მზარდია. კორპორაციული შეკვეთების დაჯავშნის დროს მუდმივად ისმის კითხვა: საკონფერენციო დარბაზი გაქვთ?! სწორედ ამიტომ მოთხოვნას ადეკვატურად ვპასუხობთ. წელიწადში კორპორაციული შეკვეთების წილი 15%-ია, თუმცა ველოდებით, რომ დროთა განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი გაიზრდება. ხელისშემშლელი ფაქტორი გახლავთ, რომ რაჭას საკმარისი ყურადღება არ ექცევა, აღნიშნული მოცემულობა თუ შეიცვლება, ვიზიტორების რაოდენობაც გაიზრდება", - აცხადებს ლელა ბერაძე.
სასტუმროს დამფუძნებელი ზოგადად, რაჭის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურა განვითარებულია, თუმცა რაჭას სახელმწიფოს მხრიდან მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციის გაწევა სჭირდება.
ლელა ბერაძის ინფორმაციით, ამჟამად, რეგიონში ტურისტები ძირითადად პოსტს საბჭოთა ქვეყნებიდან ჩადიან. მისივე თქმით, მაგალითად, აზიელი სტუმრები რაჭას ნაკლებად სტუმრობენ, ხოლო ევროპელი ვიზიტორები უფრო ხშირია.
"რაჭის მიმართ ინტერესი იზრდება. ზოგად ჭრილში რომ გესაუბროთ, ინფრასტრუქტურული პრობლემები არ გვაქვს, გზა გაკეთებულია, არც სანიშნე ნიშნულების პრობლემა შეინიშნება. სასტუმროების, კოტეჯების, კვების ობიექტების რაოდენობაც გაზრდილია. მოკლედ, რაჭას უფრო მეტი სტუმრის მიღება შეუძლია. გამოწვევებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რეგიონს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციის გაწევა სჭირდება. სწორი მარკეტინგული ჩართულობა და უცხოელების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია. მეტი რეკლამა გვჭირდება, როდესაც ტურისტულ სააგენტოებს ვესაუბრები რაჭით დაინტერესებულები არიან, მაგრამ ტურისტებისთვის ჩვენი მხარე უცხოა. ვიზიტორებს ბათუმში, კახეთში, სვანეთში წასვლა ურჩევნიათ.
ძირითადად პოსტს საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოდიან, რომლებიც ჩვენს შესახებ ინფორმაციას ფლობენ. ზამთარში ძალიან გვიჭირს, არც ადგილობრივი ვიზიტორი გვყავს და არც უცხოელი ტურისტი, ამიტომ კარგი იქნება, თუ სათხილამურო ტრასა გაკეთდება. პროექტი გეგმაშია და იმედია, მალე დასრულდება.
აზიელი სტუმრები, ზოგადად რაჭას და ჩვენს ტურისტულ ობიექტს ნაკლებად ჰყავს, მცირე რაოდენობით გვსტუმრობენ, მაგრამ საკმარისი არ არის. ჩემი აზრით, რაჭის შესახებ აღნიშნულ სეგმენტს ინფორმაცია არ აქვს", - აღნიშნავს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, რაჭაში, ამბროლაურში მდებარე სასტუმრო "მეტეხარა" 14 ნომრისგან შედგება. ტურისტული ობიექტის შემადგენლობაში სასტუმრო, აუზი, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია.