logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ზაფხულის სეზონზე 90%-იანი დატვირთვა გვქონდა, ახლა მოცემულობა შეიცვალა, ვიზიტორების ნაკადმა იკლო" - "მეტეხარა"

რაჭაში, ამბროლაურში მდებარე სასტუმრო "მეტეხარას" დამფუძნებლის, ლელა ბერაძის შეფასებით, ტურისტული ობიექტი ზაფხულის სეზონზე 90%-იანი დატვირთვით მუშაობდა. 

როგორც სასტუმროს წარმომადგენელი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ამჟამად, მოცემულობა შეიცვალა, ვიზიტორების ნაკადმა იკლო და 30%-იანი დატვირთვა აქვთ.

ლელა ბერაძის ინფორმაციით, სასტუმროს ამ პერიოდში ძირითადად კორპორაციული ჯავშნები აქვს, რასაც წელიწადში დაახლოებით, 15%-იანი წილი უჭირავს.

"ზაფხულის სეზონი ძალიან პოზიტიური იყო. აღნიშნული თვეების განმავლობაში, თითქმის 90%-იანი დატვირთულობით ვმუშაობდით, ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე ფაქტობრივად სრული დატვირთვა გვქონდა. ვიზიტორების 80%-ი ადგილობრივი მოსახლეობა გახლდათ, დანარჩენი კი უცხოელ სტუმრებზე  გადანაწილდა. უცხოეთიდან ვიზიტორები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, პოლონელები გვყავდა.  ამჟამად, სტუმრების რაოდენობა შემცირდა და 30%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ, ამ პერიოდში უფრო მივლინების ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურებიდან გვსტუმრობენ. ზოგადად, კორპორაციულ შეკვეთებს წელიწადში 15%-ი უჭირავს, ვფიქრობ, რაჭის განვითარებასთან ერთად აღნიშნული მაჩვენებელიც გაიზრდება. ახლა ასევე ხშირად უცხოელები გვსტუმრობენ და ჩვენთან 1-2 დღით რჩებიან", - აცხადებს ლელა ბერაძე.

სასტუმროს დამფუძნებელი ზოგადად რაჭის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურა განვითარებულია, თუმცა რაჭას სახელმწიფოს მხრიდან მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციის გაწევა სჭირდება.

"რაჭის მიმართ ინტერესი იზრდება. ზოგად ჭრილში რომ გესაუბროთ, ინფრასტრუქტურული პრობლემები არ გვაქვს, გზა გაკეთებულია, არც სანიშნე ნიშნულების პრობლემა შეინიშნება. სასტუმროების, კოტეჯების, კვების ობიექტების რაოდენობაც გაზრდილია. მოკლედ, რაჭას უფრო მეტი სტუმრის მიღება შეუძლია. გამოწვევებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რეგიონს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციის გაწევა სჭირდება. სწორი მარკეტინგული ჩართულობა და უცხოელების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია. მეტი რეკლამა გვჭირდება, როდესაც ტურისტულ სააგენტოებს ვესაუბრები რაჭით დაინტერესებულები არიან, მაგრამ ტურისტებისთვის ჩვენი მხარე უცხოა. ვიზიტორებს ბათუმში, კახეთში, სვანეთში წასვლა ურჩევნიათ.

რეგიონში ძირითადად პოსტს საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოდიან, რომლებიც ჩვენს შესახებ ინფორმაციას ფლობენ. ზამთარში ძალიან გვიჭირს, არც ადგილობრივი ვიზიტორი გვყავს და არც უცხოელი ტურისტი, ამიტომ კარგი იქნება, თუ სათხილამურო ტრასა გაკეთდება. პროექტი გეგმაშია და იმედია, მალე დასრულდება.

აზიელი სტუმრები, ზოგადად რაჭას და ჩვენს ტურისტულ ობიექტს ნაკლებად ჰყავს, მცირე რაოდენობით გვსტუმრობენ, მაგრამ საკმარისი არ არის. ასევე საუდის არაბეთიდან ვიზიტორები არ შეინიშნება. ჩემი აზრით, რაჭის შესახებ აღნიშნულ სეგმენტს ინფორმაცია არ აქვს. ადრე ჩინელები ვიზიტორები გვყავდა ღვინო აინტერესებდათ, წლების წინ ასევე დუბაიდან გვყავდნენ სტუმრები", - აღნიშნავს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, რაჭაში, ამბროლაურში მდებარე სასტუმრო "მეტეხარა" 14 ნომრისგან შედგება. ტურისტული ობიექტის შემადგენლობაში სასტუმრო, აუზი, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია.

გამოგვყევით