logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"კაპიტალის ბაზრის განვითარება კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ახალ შესაძლებლობებს აჩენს"

"კაპიტალის ბაზრის განვითარება კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ახალ შესაძლებლობებს აჩენს"

1759998300

8 კომპანიის მიერ განხორციელებული 13 ემისია, შემოსული 26 განაცხადი და 450 მილიონ ლარზე მეტი დამატებითი საინვესტიციო კაპიტალი - „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ავრცელებს. 

მათივე ცნობით, დაფინანსებულ ემისიებში უძრავი ქონების სექტორი და საფინანსო საქმიანობის მიმართულებები სჭარბობს.

პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით.

სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან კომპანიების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.

“კერძო კომპანიების მხრიდან გამოხატული მზაობა და ინტერესი ადასტურებს, რომ არაერთი ბიზნესია მზად გამოიყენოს კაპიტალის ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას, რაც მოიცავს როგორც წარმატებით განთავსების საკომისიოს, ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვების ხარჯებს.

ჩვენი სააგენტოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ამიტომ, მომავალშიც აქტიურად დავუჭერთ მხარს ადგილობრივ კომპანიებს ზრდის ახალ ეტაპზე გადასვლაში“ აცხადებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, დირექტორი, მიხეილ ხიდურელი. 

სააგენტოს ინფორმაციით, 2028 წლამდე მოხდება 100-მდე ემისიის მხარდაჭერა, რითაც 3 მილიარდ ლარამდე საინვესტიციო რესურსის მობილიზება იქნება შესაძლებელი. 2026 წელს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამოქმედდება ტექნიკური დახმარების კომპონენტიც, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზარზე არსებული კომპანიებისა და ინვესტორების ცნობიერების ამაღლებას.

გამოგვყევით