"მერებაშვილის მამულის" დამფუძნებელი, შალვა მერებაშვილი ზაფხულის სეზონს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ტურისტულ ობიექტზე ახლად გახსნილი სასტუმრო სეზონის პიკში (აგვისტოში) 40%-იანი დატვირთვით მუშაობდა, ხოლო ამჟამად, მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს.
როგორც მეღვინე და ტურისტული კომპლექსის მფლობელი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ვიზიტორების 99%-ი საერთაშორისო სტუმრებზე მოდის, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ღვინის მიმართულებით ძირითადად კახეთს სტუმრობს.
"წელს ჩვენს მამულს სასტუმრო დაემატა, რომელიც 6 სხვადასხვა კატეგორიის ოთახისგან შედგება, სივრცე 15 სტუმარზეა გათვლილი. მშენებლობა გასულ წელს დავიწყეთ და რამდენიმე თვის წინ - ივნისში გავხსენით. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არა მხოლოდ მიღება-გამასპინძლების სერვისი გვაქვს, არამედ სტუმარს ადგილზე დარჩენასაც ვთავაზობთ. სასტუმროს გახსნის შემდეგ მომხმარებლების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა, რასაც სწორედ ახალი ობიექტის გახსნას ვუკავშირებ.
ზოგადად, სასტუმროს სფერო ასეთია - პირველ წელს დატვირთულობა დაახლოებით, 30%-ს შეადგენს, შემდეგ წლებში კი მომხმარებლების რაოდენობა იზრდება. აღნიშნული ტენდენციის მიუხედავად, 30%-იან დატვირთულობას აგვისტოს ბოლოს უკვე გადავაჭარბეთ, კერძოდ, 40%-იანი დატვირთვა გვქონდა", - აცხადებს მერებაშვილის მამულის წარმომადგენელი.
შალვა მერებაშვილი უშუალოდ მომხმარებლების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვიზიტორები ყველაზე ხშირად გერმანიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან სტუმრობენ.
"მერებაშვილის მარნის" დამფუძნებელი ინფრასტრუქტურულ საკითხსაც მიმოიხილავს და ხაზს უსვამს, რომ კასპში აღნიშნული ხაზით პრობლემები არ არის.
"წლების წინ გზის პრობლემა გვქონდა, მაგრამ ახლა ეს საკითხი მოგვარებულია, სტუმარს გადაადგილება და ტურისტულ ლოკაციებამდე მოსვლა არ უჭირს. ამასთან, საგზაო ნიშნების მაჩვენებლებიც გვაქვს. აქედან გამომდინარე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ნაკლებად ვაწყდებით", - აცხადებს "მერებაშვილის მამულის" დამფუძნებელი.
ცნობისთვის, "მერებაშვილის მამულის" მეღვინეობა და სასტუმრო შიდა ქართლში, კასპში მდებარეობს, ტურისტულ ობიექტს 2 ჰექტარზე გაშენებული ვენახი სოფელ ოკამში აქვს. მარანი ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. რაც შეეხება სასტუმროს ფუნქციონირება რამდენიმე თვის წინ, ივნისში დაიწყო.