ჩვენი განათლების სისტემა, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების კუთხით, შრომითი ბაზრის და ბიზნესების მოთხოვნებს ვერ პასუხობს, - ამის შესახებ Skillwill-ის დამფუძნებელმა გიორგი მარიამიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბიზნეს ასოციაციის წევრი ბიზნესებისა და პრემიერის შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმა დააანონსა, რაც გიორგი მარიამიძის თქმით, იმედია შედეგს გამოიღებს.
“ბიზნესის წარმომადგენლები კვალიფიციური კადრების დეფიციტს პირველ გამოწვევად ასახელებენ. ვფიქრობ ბიზნესში და ახალგაზრდების მოტივაციაში პრობლემა არ არის. რომ გადავხედოთ ანაზღაურების დინამიკას - მზარდია. ბიზნესი სწრაფად ვითარდება, გლობალურ ტრენდებს მიჰყვება და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ძირითადი პრობლემა განათლების სისტემაში უნდა ვეძებოთ.
ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკის დამსახურებაა, რომ პროფესიული სასწავლებლების მიმართ დაინტერესება მზარდია. წელს, დაახლოებით, 40 000 სტუდენტი იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია”, - აცხადებს გიორგი მარიამიძე.
მანვე აღნიშნა, რომ დასაქმებას უნარები წყვეტს. მათ შორის, ტექნოლოგიური და კომუნიკაციის უნარები.