logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"2-3 წელიწადში წარმოების 50%-იან ზრდას ვგეგმავთ" - "თაფლუნა"

თაფლის ერთჯერადი, 15-გრამიანი პაკეტების მწარმოებელი კომპანია "თაფლუნა" რეალიზაციის ახალი ხაზით გაფართოვდა და კომპანიის პროდუქცია უკვე ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებშიცაა ხელმისაწვდომი.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, უჩა ჯიქურაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წარმოება დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა, რასაც ბიზნესის გაფართოებას უკავშირებს.

მისივე თქმით, "თაფლუნას" კახეთში 700 სკამდე ოჯახი ჰყავს და წელიწადში 10 ტონამდე თაფლს  აწარმოებს.

"მეფუტკრეობას მივდევთ და 7 განსხვავებული სახის თაფლს თავად ვაწარმოებთ, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია 1 სახეობის პროდუქტით ხდება.

5-6 თვეა ქსელურ მარკეტებში შევედით, რაც მნიშვნელოვანია - ახლა ინოვაციური პროდუქტით ვართ წარმოდგენილი, კერძოდ, თაფლის 15-გრამიან ერთჯერად პაკეტებს ვაწარმოებთ. ზოგადად, საქართველოში თაფლი ქილაში მრავლადაა, მაგრამ აღნიშნული პროდუქტი იშვიათობაა.  თაფლის ერთჯერადი პაკეტები ძალიან მოქნილია, მაგალითად, სამსახურში მყოფ ადამიანს შეუძლია, კომფორტულად ჯანსაღი პროდუქტი გამოიყენოს - თეთრი შაქრის ბუნებრივი პროდუქტით ჩანაცვლება ხდება. ქსელურ მარკეტებში ერთჯერადი პაკეტებით შესული ვართ: "ფრესკოში", "წისქვილი ბაზარში", ONE Price-ში და "წერტიში". ასევე თაფლი ქილაშიც გვაქვს და ამ მიმართულებით "ევროპროდუქტში" შეგიძლიათ, გვნახოთ. ფასების დიაპაზონს, რაც შეეხებაა 1 ცალი ერთჯერადი პაკეტის ღირებულება 60 თეთრი გახლავთ, რაც შეეხება ქილაში მოთავსებულ თაფლს 11 ლარიდან 19 ლარამდე მერყეობს", - აცხადებს "თაფლუნას" თანადამფუძნებელი.

უჩა ჯიქურაშვილი სამომავლო გეგმების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანია HORECA სექტორთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.

"2-3 წელიწადში წარმოების გაზრდას დაახლოებით, 50%-ით ვაპირებთ. ამასთან,  HORECA სექტორთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ, მაგალითად, სასტუმროში, ჩაის სახლებისთვის თაფლის პაკეტები ძალიან კომფორტული იქნება. მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა პროექტი როდის განხორციელდება, ამ ეტაპზე ვერ დაგიკონკრეტებთ", - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

უჩა ჯიქურაშვილი ექსპორტის მიმართულებასაც მიმოიხილავს და ხაზს უსვამს, რომ წარმოების გაზრდისთვის  უცხოეთში გასვლა აუცილებელია, რადგან საქართველოს ბაზარი პატარაა.

"რაც შეეხება ექსპორტზე გასვლას - საქართველოში თაფლი ძალიან მოხმარებადი პროდუქტი არ გახლავთ, ამიტომ ქსელურ მარკეტებში აღნიშნული პროდუქტი დიდი რაოდენობით არ შედის. სტატისტიკა ყველაფერზე კარგად მეტყველებს, ბევრად უფრო მოხმარებადი პროდუქტები გვაქვს, მაგალითად, წვენები უფრო სწრაფად იყიდება. ქვეყანაში, სამწუხაროდ, მსხვილი ქსელური მარკეტი რამდენიმეა, შესაბამისად, გამოსავალი ექსპორტზე გასვლაა. ამჟამად, "თაფლუნა" ექსპორტზე არ გადის, თუმცა კონცეფცია უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს და აღნიშნული ხაზის მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ", - აცხადებს "თამფლუნას" წარმომადგენელი.

უჩა ჯიქურაშვილი პროდუქციის რეალიზაციას დეტალურად მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ამჟამად, თაფლი სოციალური ქსელის მეშვეობითაც აქტიურად იყიდება.

"პროდუქციას გარდა ქსელური მარკეტებისა, სოციალური ქსელის საშუალებითაც აქტიურად ვყიდით. აღნიშნული მიმართულება დღესდღეობით საკმაოდ აქტიურია, სწორ მარკეტინგულ ჩართულობას დიდ ყურადღებას ვუთმობთ", - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, კომპანია "თაფლუნა" მეფუტკრეობას კახეთში წლებია მისდევს და 7 განსხვავებული სახის თაფლს აწარმოებს. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებში 6 თვეა წარმოდგენილია.

გამოგვყევით