ნავთობის ფასი 2025 წლის მესამე კვარტალში 0.9%-ით შემცირდა, რაც მიწოდების ზრდასა და მოთხოვნის შესუსტებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Galt & Taggart ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფასი ვიწრო დიაპაზონში მერყეობდა, რადგან მოთხოვნა-მიწოდების დინამიკა მეტ-ნაკლებად ერთმანეთს აბალანსდებდა, თუმცა კვარტლის ბოლოს მეტწილად პესიმისტური პროგნოზი გააქტიურდა.
"კვარტლის დასაწყისში ნავთობის ფასები აპრილის დაბალი მაჩვენებლებიდან ($58) აგვისტოს დასაწყისისთვის დაახლოებით $68-მდე გაიზარდა, რაც საზაფხულო მოთხოვნის ზრდით იყო განპირობებული. ამასთან, OPEC+-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის გაფართოებული ფორმატი) მწარმოებლები აგვისტოსა და სექტემბერში წარმოების ზრდას ეტაპობრივად აგრძელებდნენ, თუმცა ბევრ წევრს მაღალი კვოტების შესრულება უჭირდა, რამაც მოკლევადიანი მიწოდება უფრო დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნა, ვიდრე მოსალოდნელი იყო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის სექტორში მძლავრმა მოთხოვნამ (კონდიცირება ახლო აღმოსავლეთში) და ჩინეთის სტრატეგიული მარაგების შევსებამ აღნიშნული მოცულობების ათვისებას ხელი შეუწყო და ფასი $70-თან ახლოს შენარჩუნდა.
"OECD-ის ნავთობის მარაგებიც შედარებით დაბალი იყო, რაც ფასების შენარჩუნებას ხელს უწყობდა. თუმცა, კვარტლის ბოლოს ბაზრის განწყობა შეიცვალა, როცა ყურადღება მომავალ თვეებში მოსალოდნელ პროფიციტზე გადაერთო. შედეგად, ნავთობის ფასმა სექტემბრის ბოლოს სამი თვის ყველაზე მკვეთრი კლება დააფიქსირა. ტრეიდერები ოქტომბრის დასაწყისში OPEC+-ის შეხვედრის წინ ფრთხილად იყვნენ, რადგან ალიანსს ნოემბერში წარმოება კიდევ შეეძლო, გაეზარდა. რეალურად, საუდის არაბეთი წარმოების მსხვილ ზრდას ბაზრის წილის დასაბრუნებლად ითხოვდა, თუმცა რუსეთი უფრო ზომიერი ზრდის მომხრე გახლდათ.
კვლევის მიხედვით, 5 ოქტომბერს ჩატარებული შეთანხმების მიხედვით, OPEC+ (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის გაფართოებული ფორმატი) ნოემბრისთვის ნავთობის მიწოდების მოსალოდნელზე უფრო მცირე ზრდაზე დათანხმდა.
"137,000 ბარელი დღეში - რითაც წევრები ბაზრის წილის მიზნებისა და მომავალი ჭარბი მიწოდების შიშების დაბალანსებას ეცადნენ. ამავდროულად, სეზონურმა ფაქტორებმა მოთხოვნა შეასუსტა. კერძოდ, გლობალურმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა სიმძლავრეები შეამცირეს, ზაფხულის მოგზაურობების პიკი დასრულდა, ხოლო აშშ-ში საწვავის მარაგები სექტემბრის ბოლოს დაბალი მოხმარების გამო გაიზარდა.
შესაბამისად, 2025 წლის მესამე კვარტალში ნავთობის ფასების აღდგენა ზაფხულის ფუნდამენტური ფაქტორების დამსახურებით დაიწყო, მაგრამ დასრულდა ფასების კლებით, რომელიც მიწოდების ზრდისა და მოთხოვნის უფრო სუსტი პროგნოზითაა გამოწვეული. აღნიშნული მოლოდინი მიმდინარე, მე-4 კვარტალსა და 2026 წელსაც ეხება", - ვკითხულობთ კვლევაში.