logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2024 წელს, საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა ₾1970.8 შეადგინა - "საქსტატი"

2024 წელს, საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა ₾1970.8 შეადგინა - "საქსტატი"

1760081569

2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 11.5 პროცენტით (204.0 ლარით) გაიზარდა და 1 970.8 ლარი შეადგინა.

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2024 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: 

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 923.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1.7 პროცენტით); 
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 3 677.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 14.4 პროცენტით); 
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 823.4 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.6 პროცენტით).

2024 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 591.6 ლარით, ხოლო კაცების - 2 340.7 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 166.2 ლარი (11.7 %) შეადგინა, ხოლო კაცებში - 240.8 ლარი (11.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

2024 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 436.0 ლარით (20.6 %) ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულების საშუალო თვიურ ხელფასთან შედარებით. 2023 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 13.0 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 10.9 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 680.5 და 2 116.5 ლარი შეადგინა.

2024 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 197.2 ლარით (10.8%) გაიზარდა და 2 024.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 007.2 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1.2 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 147.4 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 11.9 პროცენტით) დარგში ფიქსირდება

2024 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 217.2 ლარით (13.2%) და 1 866.8 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.

რაც შეეხება მედიანურ ხელფასს - 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 7.6 პროცენტით გაიზარდა და 1332 ლარი შეადგინა. 2024 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 32.4 პროცენტით ნაკლებია.

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2024 წელს, ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 2 128 ლარი; 
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 069 ლარი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 983 ლარი; 
  • მშენებლობა - 1 943 ლარი; 
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 1 919 ლარი.

2024 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება. 

გამოგვყევით