საახალწლო კორპორატიული შეკვეთები უკვე აქტიურად შემოდის, - ამის შესახებ სხვადასხვა სახის ქართული ნუგბარის მწარმოებელი კომპანია "ჩირჩხელას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დამკვეთები ძირითადად კორპორატიული სეგმენტია, თუმცა მათ მომხმარებლებში ფიზიკური პირებიც არიან.
"კომპანიის გაყიდვები სტაბილურია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები მკვეთრად არ გაზრდილა, რაც ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან არის დაკავშირებული. მიმდინარე პერიოდში, საახალწლო შეკვეთებთან დაკავშირებით დაახლოებით, 3-4 პოტენციურ მომხმარებელთან უკვე მიწევს კომუნიკაცია.
რაც შეეხება ექსპორტის ნაწილს - ჩვენი პროდუქცია საბერძნეთში და ჩეხეთში იყიდება. გარდა ამისა, აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს გერმანიასთან და ვფიქრობთ, რომ საბოლოო შეთანხმება უახლოეს მომავალში იქნება მიღწეული. ამასთან, ჩვენ დაგვიკავშირდა ავსტრალიური კომპანია და აქაც გაგზავნილი გვაქვს წინადადებები და შესაძლებელია ეს ბაზარიც ავითვისოთ", - აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.
მანვე აღნიშნა, ამ ეტაპზე კომპანიის პროდუქციის დაახლოებით 35% უცხოეთში იყიდება, ხოლო დანარჩენი ადგილობრივ ბაზარზე.
ცნობისთვის, "ჩირჩხელა" ოჯახური ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 7 წელია ოპერირებს და თბილისში (ვაკე) ერთ მაღაზიას ფლობს.