GCCA-ი ბენზინისა და დიზელის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით, სააგენტოს შეფასებით, ფასების როგორც შემცირება, ასევე ზრდა თანხვედრაში იყო საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებთან და იმპორტირებული საწვავის ფაქტობრივ ღირებულებასთან - კომპანიების მარაგების და ლარის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.
2025 წლის იანვარში, საცალო ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ტიპის საწვავზე. ფასის ზრდამ მსხვილი კომპანიების შემთხვევაში 3-10 თეთრი, ხოლო მცირე ქსელების შემთხვევაში 10-20 თეთრი შეადგინა.
2025 წლის მარტის თვის მეორე ნახევრიდან კი საცალო ფასები შემცირდა - საერთო ჯამში, მსხვილი კომპანიების დონეზე, რეგულარის ტიპის საწვავის საცალო ფასი შემცირდა 26-28 თეთრით, პრემიუმის 17-26 თეთრით, ხოლო დიზელის 18-29 თეთრით. მცირე ქსელების შემთხვევაში, ამავე პერიოდში, ფასების ზრდა, ისევე როგორც შემცირება, მსხვილ კომპანიებთან შედარებით, განხორციელდა შედარებით მყისიერად.
2025 წლის ივნისიდან დღემდე, მსხვილი კომპანიების საცალო ფასები გაიზარდა საშუალოდ 15-20 თეთრით, ხოლო მცირე ქსელების შემთხვევაში ზრდა უფრო მეტი ოდენობით დაფიქსირდა დიზელის ტიპის საწვავზე - 25 თეთრამდე.
2025 წლის პირველ ნახევარში, საწვავის საცალო ფასების შემცირება განპირობებული იყო ნედლი ნავთობის და შესაბამისად პლატსის დაბალი ფასით. კერძოდ, ნედლი ნავთობის ფასი 2025 წლის მაისის დასაწყისში შემცირდა 56 აშშ დოლარამდე, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნულის შემდეგ, ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა და შესაბამისად, გაიზარდა იმპორტირებული საწვავის თვითღირებულებაც, რაც აისახა საცალო ფასზეც.
მსხვილი კომპანიების მარაგები ლოგისტიკურ პროცესებთან ერთად, არის ის ფაქტორი, რაც განაპირობებს საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენების დაგვიანებულ ასახვას ფასების კლების და მათ შორის ზრდის შემთხვევაშიც. ასევე, მარაგები არის ფაქტორი, რის გამოც მცირე ქსელები უფრო მოქნილად რეაგირებენ ამგვარ ფაქტორებზე, როგორც ფასების ზრდის, ასევე შემცირების კუთხით.
2025 წელს, საავტომობილო საწვავის საცალო ფასების დინამიკა თანხვედრაშია ევროპული საწვავის მომწოდებელი ძირითადი ქვეყნების, რუმინეთის და ბულგარეთის საცალო ფასების დინამიკასთან, ლარის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.
სააგენტო განგრძობად რეჟიმში აკვირდება კომპანიების მიერ ფაქტობრივად იმპორტირებულ საწვავსა და მის თვითღირებულებას.