საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტთან დაკავშირებით შემაჯამებელ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
ვიცე-პრეზიდენტმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური კონსოლიდაცია გრძელდება და, ფისკალური წესის შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2026 წლისთვის კვლავ მდგრად დონესთან, 3 პროცენტთან ახლოს ნარჩუნდება.
„საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის მიხედვით, 2025 წელს ეკონომიკური აქტივობა, რომელსაც მეტწილად საწარმოო ფაქტორების გაზრდილი პროდუქტიულობა განაპირობებს, მისი გრძელვადიანი ზრდის ტემპის, 5 პროცენტის მიმართულებით ეტაპობრივ ნორმალიზებას განაგრძობს. მიმდინარე მდგომარეობით, ეკონომიკის ციკლური პოზიცია კვლავ დადებითია და მოსალოდნელია, რომ 2026 წელს იგი მის წონასწორულ მდგომარეობას დაუბრუნდება. ამის ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტის ნეიტრალურ დონეზე შენარჩუნება ოპტიმალურია“, - განაცხადა ნინო ჯელაძემ.
სიტყვით გამოსვლისას ნინო ჯელაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტზე - 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიაზე შენიშვნები არ გააჩნია და სებ-ის პოზიციით, 2026 წლის ბიუჯეტს ინფლაციაზე ზეწოლა არ ექნება.
ეროვნული ბანკის დასკვნა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე ეყრდნობა ნაერთი ბიუჯეტის ანალიზურ წარმოდგენას, რადგან ის ასახავს ფისკალური პოლიტიკის გავლენას ერთობლივ მოთხოვნასა და შედეგად ინფლაციურ პროცესებზე.