"ჩირჩხელა ჰოუმი" ნატურალურ ჩირსა და ტრადიციულ ჩურჩხელას ნიუ-იორკის საერთაშორისო კვების ფორუმზე - The International Restaurant & Foodservice Show of New York-ზე პირველად წარადგენს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ეს იქნება ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობა.
მისივე ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია B2B და პანელური შეხვედრები 20-მდე საერთაშორისო პარტნიორთან და დაინტერესებულ სტუმართან.
"პირველ რიგში, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ოკეანის მიღმა ქართული პროდუქცია უნდა წარვადგინოთ. ეს ფორუმი წელიწადში ერთხელ ტარდება და მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან ვაჭრობის გაცვლის მიმართ დაინტერესებული პირები, მათ შორის, რესტორნის ქსელები და სხვ.
გვსურს "სნიკერსი" ჩავანაცვლოთ ამერიკაში. ჩვენ ბაზარი მოვიკვლიეთ, აშშ-ში არიან ქართველები, რომლებიც ჩურჩხელას ამზადებენ და ამ კუთხით მუშაობენ და ვიცით, რომ ძალიან მაღალი ფასი და დიდი მოთხოვნა აქვს. შესაბამისად, ამ ფორუმის ფარგლებში მოლოდინი გვაქვს იმის, რომ ჩვენი პროდუქციის მიმართ დიდი ინტერესი იქნება, დავამყარებთ კონტაქტებს და ექსპორტის უწყვეტი ციკლით ვიმუშავებთ. აშშ-ს საექსპორტო მიმართულების განვითარება, ჩვენი კომპანიის გაყიდვებში ექსპორტის წილს მკვეთრად გაზრდის", - აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.
„ჩირჩხელა ჰოუმი“ გამოფენაზე წარადგენს ორგანულ ჩირებსა და ტრადიციულ ქართულ ჩურჩხელებს, რომლებიც დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებით, შაქრისა და კონსერვანტების გარეშე.
ირმა კვაჭანტირაძის თქმით, ნიუ-იორკის გამოფენა კომპანიისთვის არა მხოლოდ ბიზნესშეხვედრების, არამედ კულტურული მისიაცაა. გუნდის მიზანია, საერთაშორისო ასპარეზზე გაავრცელოს საქართველოს გემო, ტრადიცია და ნატურალურობის კულტურა.
საერთაშორისო გამოფენა - The International Restaurant & Foodservice Show of New York 8–10 მარტს გაიმართება.
ცნობისთვის, "ჩირჩხელა ჰოუმი" ოჯახური ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 7 წელია ოპერირებს და თბილისში (ვაკე) ერთ მაღაზიას ფლობს. გარდა ამისა, "ჩირჩხელა ჰოუმი" ექსპორტზე საბერძნეთსა და ჩეხეთში გადის.