"ახალი სიტყვა ქართულ საავტომობილო ბიზნესში, რომელიც სასურველი მანქანის შეძენის პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს," - ასე აფასებს საავტომობილო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ქვეყანაში ამერიკული ავტოაუქციონების LIVE რეჟიმში დაწყების საკითხს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ლაიონ აუქციონის“ გენერალურმა მენეჯერმა, ბესო გოჩალეიშვილმა განუცხადა, ბაზრის მოკვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ ქართველი მომხმარებლის მხრიდან, ამერიკული ავტოაუქციონების მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე მზარდია, ამიტომ, გადაწყვიტეს, ონლაინ აუქციონების პარალელურად, მანქანის შეძენითა თუ გაყიდვით დაინტერესებული პირებისთვის, ავტოაუქციონი LIVE რეჟიმში შეეთავაზებინათ.
„პირველი ამ ტიპის აუქციონი უკვე ჩავატარეთ და მას ყოველ კვირეული ხასიათი ექნება. კერძოდ, ავტოაუქციონები შაბათობით წეროვანში, „ლაიონ აუქციონის“ ავტოსადგომზე ჩატარდება. LIVE ავტოაუქციონი არ არის უბრალოდ გაყიდვების ახალი არხი, ეს არის პლატფორმა, რომელიც ქართველი მომხმარებლის გამოცდილებასა და ავტომობილის შეძენის კულტურას მნიშვნელოვნად შეცვლის და როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ავტოდილერებსაც, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ, სასურველი მანქანის შეძენასა, თუ გაყიდვას გაუმარტივებს“, - აღნიშნა „ლაიონ აუქციონის“ გენერალურმა მენეჯერმა.
მან ყურადღება გაამახვილა რისკების შემცირებისა და დროის დაზოგვის ფაქტორზეც გაამახვილა.
„ამ ტიპის აუქციონის უპირატესობა არის ის, რომ მომხმარებლები თვეობით აღარ ელიან მანქანის ჩამოსვლას ამერიკიდან და ერთ დღეში შეუძლიათ შენაძენის გაკეთება. გარდა ამისა, მათ მანქანის ტექნიკურად შემოწმება ადგილზევე შეუძლიათ და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ აუქციონში მონაწილეობას. შესაბამისად, ცუდი მანქანის ყიდვის რისკი მცირდება. ამ უპირატესობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, LIVE ავტოაუქციონს საქართველოში დიდი პერსპექტივა აქვს“, - განმარტა ბესო გოჩალეიშვილმა.
მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში ავტოაუქციონებიდან მიღებული შემოსავლები წლიდან წლამდე მზარდია, ეს ეხება როგორც LIVE , ისე ონლაინ აუქციონებს. ჯამში, 2025 წლისთვის, პროგნოზირებულია, რომ ამ ბაზრის ზომა 55 მილიარდ დოლარს მიაღწევს. 2030 წლისთვის კი ეს მონაცემი კიდევ 8-დან 12%-მდე გაიზრდება, ვინაიდან, როგორც ექსპერტები ამბობენ, ონლაინ აუქციონებში მთელი მსოფლიოდან არიან ჩართულები, მათ შორის, ისეთი ღარიბი აფრიკული ქვეყნებიც კი, რომლებიც აქამდე მანქანების შეძენით ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული.
ამ სექტორის მიმართ ინტერესი ზრდის ტენდენციით ხასიათდება საქართველოშიც. ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი ამერიკული ავტოაუქციონებია და რეალურად, მანქანების იმპორტის 80%-ზე მეტი სწორედ ამერიკიდან ხორციელდება.