Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის ოქტომრის თვის მიმოხილვის თანახმად, ბუნებრივი აირის ფასი 2025 წლის მესამე კვარტალში 0.6%-ით შემცირდა, ხოლო ოქროს ფასი 16.8%-ით გაიზარდა. ანალოგიურ პერიოდში ამონიუმის ნიტრატის ფასმა 15.2%-ით, ხორბლის ფასმა 4.6%-ით, ხოლო სპილენძის ფასმა 1.7%-ით მოიმატა.
საინვესტიციო ბანკის მიხედვით, 2025 წლის მესამე კვარტალში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
ბუნებრივი აირის ფასი - 2025 წლის მესამე კვარტალში 0.6%-ით შემცირდა. ევროპის ბუნებრივი აირის ბაზარი მთელი კვარტლისგანმავლობაში შედარებით კარგად იყო უზრუნველყოფილი და თავიდან აიცილა წინა წლის მსგავსი მარაგების შევსების ქაოსი. აგვისტოს ბოლოსთვის ევროკავშირის აირის მარაგები 76%-ზე იყო (~85 მილიარდი კუბური მეტრი) - ნაკლები გასული წლის რეკორდულ დონესთან შედარებით, მაგრამ ახლოს ოქტომბრის 90%-იან სამიზნესთან.
ოქროს ფასი - 2025 წლის მესამე კვარტალში 16.8%-ით გაიზარდა, რაც უსაფრთხო აქტივზე მოთხოვნისა და მონეტარული მოლოდინების ცვლილების ერთობლიობით იყო განპირობებული. ოქროს ფასმა სექტემბრის ბოლოს
$3,800/უნცია ბარიერი გადალახა და ოქტომბრის დასაწყისში ისტორიულ მაქსიმუმამდე ზრდა განაგრძო. ამჟამად, ოქრო წლის დასაწყისიდან დაახლოებით 50%-ითაა გაზრდილი - რეკორდული ზრდა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება.
ამონიუმის ნიტრატის ფასი - 15.2%-ით გაიზარდა. 1 ივლისს ევროკავშირმა ახალი ტარიფები აამოქმედა რუსული სასუქების იმპორტზე, მათ შორის ამონიუმის ნიტრატზე. ტარიფები, რომლებიც თავდაპირველად €40/ტონას შეადგენს, 2028 წლისთვის €315/ტონამდე გაიზრდება. ამ ნაბიჯმა ევროპაში სასუქების ღირებულება გაზარდა. რუსეთმა - სასუქების მსოფლიოს უდიდესმა ექსპორტიორმა - მიუთითა, რომ გაყიდვებს ალტერნატიულ ბაზრებზე გადაამისამართებს (განსაკუთრებით BRICS ქვეყნებში). ევროპის შიგნით ახალმა ტარიფებმა მნიშვნელოვანი გაურკვევლობა შექმნა. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ეფექტებს გააკონტროლებს და ტარიფებს შეაჩერებს, თუ სასუქების ფასები ზედმეტად მკვეთრად გაიზრდება.
ხორბლის ფასი - 4.6%-ით გაიზარდა. მიუხედავად მცირე ზრდისა, გრძელვადიან პერიოდში ფასი კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც გლობალურ უხვ მიწოდებასა და სუსტ მოთხოვნას ასახავს. 2025 წელს ნაყოფიერი მოსავალი იყო მთავარ მწარმოებლებში, მათ შორის ინდოეთსა და რუსეთში (რომელიც მარცვლეულს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც აექსპორტებს).
სპილენძის ფასი - 1.7%-ით გაიზარდა. სექტემბერში ინდონეზიის გრასბერგის მაღაროში (სიდიდით მსოფლიოში მეორე) წარმოქმნილმა მეწყერმა ოპერაციები შეაჩერა, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა მიწოდების მოცულობა. ანალიტიკოსების შეფასებით, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის ბოლომდე გრასბერგის შეჩერება ჯამურ წარმოებას დაახლოებით, 590 000 ტონა სპილენძს დააკლებს.
ევროპული ფეროსილიკონის ფასი - თითქმის უცვლელი იყო (-0.3%), ხოლო ჩინურის 7.6%-ით გაიზარდა. ამ ყველაფერმა წინა კვარტალში შექმნილი ჩვეულებრივზე დიდი სხვაობის შემცირებას ხელი შეუწყო. ამასთან ევროპის ფოლადის სექტორში წარმოების სისუსტე გრძელდება - ევროკავშირის ფოლადის წარმოება 2024 წლის დონეებზე დაბლა რჩება.