logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

სასტუმრო "პარაგრაფ თაბორი" ახალ წელს გაიხსნება   - ინვესტიცია $175 მლნ-ია

სასტუმრო "პარაგრაფ თაბორი" ახალ წელს გაიხსნება   - ინვესტიცია $175 მლნ-ია

1729510118

თაბორის მთაზე, სასტუმრო "პარაგრაფი" ახალ წელს გაიხსნება. როგორც  ცნობილია, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო და თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსი დაათვალიერა.  ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა და დედაქალაქის მერმა საბაგიროთი იმგზავრეს და დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორისგან, გიორგი ბაიდარაშვილისგან მიიღეს.

„თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსი არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მთლიანად ქალაქის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისებას შეუწყობს ხელს. პროექტში ჩადებულია 175 მლნ დოლარის ინვესტიცია და ეს იქნება უნიკალური სივრცე თბილისისთვის და ტურისტებისთვის, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში. ჩვენ ვიმგზავრეთ ახალი საბაგიროთი და ძალიან კარგია, რომ ახალი წლისთვის გაიხსნება როგორც სასტუმრო კომპლექსი, ასევე საბაგირო გზა, რითაც ისარგებლებენ როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ასევე უცხოელი ვიზიტორები. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“, რომელიც იყო მთლიანად ამ იდეის ავტორი და ამ პროექტის სულისჩამდგმელი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და ეს პროექტიც ამის საუკეთესო გამოხატულებაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგიროს პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საბაგიროს ორივე სექციას საათში 1000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. პირველი სექციის სადგურებს შორის მანძილი 1200 მეტრია და მგზავრობას დაახლოებით 5 წუთი სჭირდება, ხოლო მეორე სექციის სადგურებს შორის არსებულ 700-მეტრიან მანძილზე მგზავრობის ხანგრძლივობა 3,5 წუთია.

პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა თაბორის ქედზე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსის მშენებლობაც დაათვალიერეს, რომელიც დასრულების ეტაპზეა. სასტუმრო „პარაგრაფ თაბორი“ და თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო ახალ წელს დასრულდება.

შეგახსენებთ, რეკრეაციული სივრცე გააერთიანებს, ლანდშაფტთან შერწყმულ 9 ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნურ ტბას და ჩოგბურთის კორტებს. ამასთანავე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს  სასტუმროს მშენებლობა, სადაც განთავსდება საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი და ა.შ.

თაბორის რეკრეაცია უპრეცედენტოდ მწვანე პროექტია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ტურისტების მოზიდვა ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ზამთრის პერიოდში გოლფის თამაში და საერთაშორისო დონის ტურნირების ჩატარება შეფერხებულია.

პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო გზით დაუკავშირდება  სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თავისუფლების მოედანზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფს“. პროექტის დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას უზრუნველყოფს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr). 34 გონდოლიან საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.

გამოგვყევით