logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

2024 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამმა ამერიკელმა აკადემიკოსმა მოიპოვა

2024 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამმა ამერიკელმა აკადემიკოსმა: დარონ აცემოღლუმ, საიმონ ჯონსონმა და ჯეიმს რობინსონმა მოიპოვეს. მათი ნაშრომი „როგორ ყალიბდება ინსტიტუტები და გავლენას ახდენენ კეთილდღეობაზე“ შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ გამარჯვებულად გამოაცხადა.

ნაშრომი მოიცავს კვლევას, თუ რატომ მწვავდება გლობალური უთანასწორობა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც კორუფცია და დიქტატურაა.

"ქვეყნების შემოსავლებს შორის დიდი სხვაობა ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ლაურეატებმა აჩვენეს საზოგადოებრივი ინსტიტუტების მნიშვნელობა ამ სხვაობის შესამცირებლად. მათ დაადგინეს სუსტი ინსტიტუციური გარემოს ისტორიული ფესვები, რომლებიც დღეს ბევრ დაბალშემოსავლიან ქვეყანას ახასიათებს”, - განაცხადა ნობელის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომიტეტის თავმჯდომარემ იაკობ სვენსონმა.

აღსანიშნავია, რომ ჯილდოს გამოცხადებამდე, ერთი დღით ადრე, მსოფლიო ბანკის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებული ხალხის 40% ყველაზე ღარიბ 26 ქვეყანაში ცხოვრობს - 2006 წლიდან მათი ვალების დონე მზარდია, რაც ხაზს უსვამს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან უკუსვლას.

როგორც აცემოღლუმ ნობელის პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროდემოკრატიული ჯგუფების მიერ შეგროვებული მონაცემებით გამოჩნდა, რომ საჯარო ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სუსტდება.

„ვფიქრობ, ეს ის დროა, როდესაც დემოკრატიები რთულ გზას გადიან. გადამწყვეტია, რომ მათ დაიბრუნონ უკეთესი, უფრო სუფთა მმართველობა და ხალხის ფართო სპექტრისთვის - დემოკრატიული მმართველობის შესახებ დაპირება” - თქვა დარონ აცემოღლუმ.

პრესტიჟული ჯილდო, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც Sveriges Riksbank Prize, 11 მილიონ შვედურ კრონას ($1,1 მილიონი) ითვალისწინებს.

ეკონომიკის ჯილდო არ არის ის მიმართულება, რომელიც მეცნიერების, ლიტერატურისა და მშვიდობის პრიზებთან ერთად, 1901 წელს, ალფრედ ნობელის ანდერძით დაწესდა.

საპრიზო კატეგორიაში ეკონომიკის დარგი შვედეთის ცენტრალურმა ბანკის დაფინანსებით 1968 წელს დაემატა.

გამოგვყევით