ქართული სტარტაპი Halo, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მომხმარებლებს ინტერიერისთვის განსხვავებულ და ორიგინალურ, ხის მეტალისა და ეპოქსიდის სინთეზით შექმნილ აქსესუარებს სთავაზობს, გაფართოვდა და რიგით მეორე ფილიალი "გლდანი სითი მოლში" გახსნა.
როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი ანა ერემეიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, მომხმარებლებს ადგილზე დახვდებათ სარკის, მაგიდის, შემოსასვლელი ოთახის საკიდის რამდენიმე ნიმუში, სერვირების დაფები, სუვენირები და სხვადასხვა აქსესუარები. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური შეკვეთის გაფორმებაც.
"გვახარებს ის ფაქტი რომ ბაზარზე არც თუ ისე დიდიხანია ვოპერირებთ, მაგრამ ამ მოკლე დროში შევძელით მომხმარებელთა ერთგულების მოპოვება, სწორედ მათი უკუკავშირი გვაძლევს ძალას და მოტივაციას, რომ არ შევჩერდეთ და უახლოეს მომავალში კიდევ ახალ ლოკაციაზე შევთავაზოთ ჩვენი პროდუქტი და მეტ ადამიანს გავუზიაროთ ზღვა ემოცია",- ამბობს ანა ერემეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სტარტაპი ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა და დღეისთვის მომხმარებლებს 50-მდე სახეობის პროდუქციას სთავაზობს, პირველი ფილიალი კი მარტში, "თბილისი მოლში" გაიხსნა.
"მუდმივად ვმუშაობთ ახალ იდეებზე, რომლებიც ქართულ ტრადიციების გაცოცხლებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანას ემსახურება. საქართველოს თემატიკით დამზადებული სამზარეულოს/სერვირების დაფები როგორც ქართველების ისე უცხოელების საყვარელი პროდუქტია. პროდუქციის შექმნისას ჩვენი მთავარი ამოცანა მისი პრაქტიკული გამოყენება იყო, თითოეული პროდუქტიც სწორედ ასე გვაქვს შერჩეული, როგორიცაა სარკე, მაგიდა, სერვირების დაფები, სამზარეულოს ქილები/სპატულები, სავარცხლები, აქსესუარები და სხვა. Halo ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენბად ნივთებს მეტ სიცოცხლეს, სიფერადეს და ემოციას სძენს"- აცხადებს სტარტაპის თანადამფუძნებელი.
შეგახსენებთ, რომ საქმე, რომელიც პოსტმანდემიურ პერიოდში მეგობრებმა ერთი პროდუქტით წამოიწყეს, დღეს უკვე 50-მდე სახეობის დეკორაციას აერთიანებს. კომპანია მომხმარებელს განსხვავებული ტექნოლოგიით და მასალით დამზადებულ ხელნაკეთ დეკორატიულ აქსესუარებს სთავაზობს, რომელიც მისაღები ოთახის სარკეებს, ასევე სააბაზანოსა და სამზარეულოს ინტერიერისთვის განკუთვნილ ნამუშევრებს მოიცავს.