ყველაზე პოპულარული ეზოთერიკული სერვისი ტაროს კითხვაა. შემდეგ მოდის ასტროლოგია და შემდეგ ნუმეროლოგია,- ამის შესახებ ეზოთერიკული სერვისების პლატფორმა Starooms-ის დამფუძნებელმა ანი ჯანაშიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, პლატფორმაზე 400-მდე მომხმარებელია დარეგისტრირებული და მოთხოვნა მზარდია. ანი ჯანაშიას თქმით, დაინტერესებულ პირთა უმრავლესობა ქართველია, თუმცა არიან საქართველოში მცხოვრები უცხოელებიც.
"ჩვენი პლატფორმა ბაზარზე ივლისში გამოჩნდა და მას შემდეგ, ვებგვერდს 20-მდე ეზოთერიკოსი შემოუერთდა. ვებგვერდი არის ორ ენაზე - ქართული და ინგლისური. გარდა ეზოტერიკოსების სესიებისა, შესაძლებელია დღიური ასტროლოგიური პროგნოზით სარგებლობა, რომელიც კონკრეტულად მომხმარებლისთვის იქნება შექმნილი. ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილი ყველა ეზოთერიკოსი სერტიფიცირებულია. სპეციალისტებს შეუძლიათ თავისი სურვილით დარეგისტრირდნენ ჩვენს პლატფორმაზე გაიარონ ვერიფიკაცია, ატვირთონ სხვადასხვა მონაცემი და მათ შორის, კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც ჩვენს მიერ მოწმდება.
რაც შეეხება დაინტერესებას - სერვისებზე მოთხოვნა ყოველთვიურად მკვეთრად იზრდება. ივლისიდან აგვისტომდე სესიების რაოდენობა გაორმაგებული იყო, ხოლო აგვისტოს შემდეგ გასამმაგდა", - აცხადებს ანი ჯანაშია.
აღსანიშნავია, რომ Starooms-ი მომავალში უცხოურ ბაზრებზე გასვლას გეგმავს.
ცნობისთვის, Starooms-ი არის ეზოთერიკული სერვისების (ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ტაროს კითხვა) პლატფორმა, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის ფასის, ენის და სერვისის ტიპის პრეფერენციებს და ავტომატურად აკავშირებს მას სერტიფიცირებულ, სასურველი რეიტინგის მქონე პრაქტიკოსთან.
სტრატაპი GITA-ს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.