ჩვენი დაპირება არის ის, რომ მარკეტინგული თამაშებით კომპანიებს გაყიდვებს 5-დან 15%-მდე გავუზრდით. იმ შემთხვევაში, თუ ამ კამპანიის შედეგად, 2.5%-ით მაინც არ გაიზრდება მათი გაყიდვები - მაშინ, კომპანიები მომსახურების საფასურს არ გადაგვიხდიან. ამ ეტაპზე შედეგები საკმაოდ პოზიტიური გვაქვს, - ამის შესახებ სტარტაპი "კლიქსის" (Klics) დამფუძნებელმა საბა არუდაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე ინტერესი ფარმაცევტული, კვებისა და ტექნიკის კომპანიების მხრიდან გამოიკვეთა.
"კლიქსი" არის პლატფორმა, რომელიც E-commerce (ონლაინ ვაჭრობა) ბიზნესებს საშუალებას აძლევს საიტზე შესული ხალხის რაოდენობა, მარკეტინგული თამაშების საშუალებით, გაააქტიურონ და შემდეგ ეს ყველაფერი დამატებით შემოსავლად გარდაქმნან. მაგალითად, TEMU-ს მარკეტინგული სტრატეგია არის ის, რომ spin the wheel-ის საშუალებით მომხმარებელს ფასდაკლება შესთავაზონ და ამის სანაცვლოდ მათ ან აპლიკაციის გადმოწერას სთხოვენ და "ინცენტივის" შეთავაზებით პირველი შეკვეთის განთავსებას.
ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ჩვენი პლატფორმის გამოყენებით მსგავსი მარკეტინგული თამაშების შექმნას და მათ საიტსა ან აპლიკაციაში ინტეგრაციას, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც განგრძობადი A/B ტესტირება და "დატაზე" დაყრდნობით განხორციელებული ცვლილებებია, რომლის რჩევებსაც უშუალოდ პლათფორმის საშუალებით ვაძლევთ მომხმარებელს, მათ შეუძლია თვიდან თვემდე ლაივ რეჟიმში იხილონ თავიანთი მომხმარებლის ქცევითი ანალიტიკა, "პატერნები" და მეტიც შეაფასონ თუ როგორი "იმპაქტი" ჰქონდა ბრენდის პოზიტიური იმიჯის გაზრდაზე.
ჩვენი პროდუქტი ბაზარზე 6 თვის წინ გამოჩნდა და მომხმარებლებიც გვყავს. ფარმაცევტული სექტორის რამდენიმე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რომლებმაც საკმაოდ კარგი შედეგები დადეს. ჩვენი ამჟამინდელი გეგმები არის ის, რომ უფრო დიდ მოთამაშეებთან ვითანამშრომლოთ", - აცხადებს საბა არუდაშვილი.
სტარტაპის დამფუძნებლის ინფორმაციით, "კლიქსის" სამიზნე ბაზა აშშ და ავსტრალიაა, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში E-commerce-ს მიმართულება საკმაოდ განვითარებულია.
"ადგილობრივ ბაზარზე ინტერესი გამოიკვეთა ასევე, კვების ინდუსტრიის და ტექნიკის კომპანიების მხრიდან. შესაბამისად, რეგიონალური მასშტაბით სხვადასხვა E-commerce-სა და ფარმაცევტული სექტორის კომპანიების მიმართულებით განვითარებას ვგეგმავთ, მაგრამ ჩვენი მთავარი სამიზნე ბაზარი არის აშშ-ის და ავსტრალიის. უკვე აქტიურად ვმუშაობთ, რომ აღნიშნულ ბაზრებზე გავიდეთ, რადგან აქ E-commerce-ს მიმართულება საკმაოდ განვითარებულია და შესაბამისად, ჩვენი პოტენციური მომხმარებელი უფრო მეტია ამ ბაზრებზე, ვიდრე რეგიონალურად, ან ლოკალურად. თუნდაც იმ განხრით, რომ მომხმარებლების გადამხდელუნარიანობა ბევრად უფრო მაღალია. ვფიქრობთ, რომ ავსტრალიის ბაზრებზე შესვლას მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში შევძლებთ", - აცხადებს საბა არუდაშვილი.
ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია.