ბიზნეს გარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა დაფიქსირდა, რაც მომხმარებლების დაკარგვას იწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.3 პროცენტმა ბაზარზე ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი შემოიტანა, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება დანერგეს, 7.0 პროცენტით განისაზღვრა.
საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 81.4 პროცენტი და 69.9 პროცენტი). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. განხორციელებული ინოვაციების 56.3 პროცენტი ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 43.7 პროცენტი სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.
საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 80.9 პროცენტი შემუშავებული იქნა უშუალოდ საწარმოს მიერ, 22.6 პროცენტი — სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 21.9 პროცენტი მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება — მოდიფიცირების განხორციელებაზე, ხოლო 19.7 პროცენტი შემუშავებული იქნა სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ.
ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას მაღალ ხარისხზე ფოკუსირებას მაღალი მნიშვნელობა საწარმოთა 47.2 პროცენტმა მიანიჭა, საწარმოთა 35.6 პროცენტი მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე, ხოლო საწარმოთა 34.2 პროცენტი მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებულ მომხმარებელთა ჯგუფების დაკმაყოფილებაზე.