ვებ-აპლიკაცია Job Stalker, რომელიც მომხმარებლებს სამუშაოს ძიების პროცესს გაუმარტივებს, ბაზარზე 2 თვეში გამოჩნდება, - ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელმა ბარბარა ქავთარაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე Job Stalker თავდაპირველად იმ სტუდენტების მოცვაზე იქნება ორიენტირებული, რომელთაც საზღვარგარეთ დასაქმება სურთ, ხოლო მათი სამიზნე ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია.
"Job Stalker არის ვებ-აპლიკაცია, რომელიც სამსახურის მაძიებლებს სამუშაოს ძიების პროცესს უმარტივებს. ვებ-აპლიკაცია ისეთ ინსტრუმენტებს შეიცავს ძიებისთვის საჭირო სხვადასხვა ინსტრუმენტს და მომხმარებლებს ინტერვიუზე მოხვედრის შანსებს დაახლოებით, 3-ჯერ უზრდის.
ამჟამად, ვებ-აპლიკაცია დამუშავების ეტაპზეა, მინდა, რომ ძალიან კარგი და გამართული პროგრამა შევთავაზო მომხმარებლებს. ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტი მსურს, რომ თავდაპირველად სტუდენტებს გავაცნო. მიღებული უკუკავშირის და შეფასებების მიღების შემდეგ კი, ჩემი სამიზნე ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია. სისტემები, რომლებიც ამოწმებს რეზიუმე მოხვდება თუ არა რეკრუტებთან საქართველოში ჯერჯერობით კარგად დანერგილი არ არის და აშშ ამ კუთხით ბევრად წინ არის. ამასთან, აღნიშნული პროდუქტი ამერიკელებს უფრო გამოადგებათ დროის მხრივ და ინტერვიუზე მოხვედრის შანსები მხრივ, ვიდრე ქართველებს. ადგილობრივ ბაზარზე როგორც აღვნიშნე სტუდენტებს გავაცნობ პროდუქტს და ეს ის სეგმენტი იქნება, რომლებიც სამსახურს საზღვარგარეთ ეძებენ.
საერთო ჯამში, პროექტის მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, რომელიც დაეხმარება სამსახურის მაძიებლებს, გააუმჯობესონ სამუშაოს მოძიების პროცესი, ავტომატიზაციისა და AI ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც საშუალებას მისცემს მათ, მარტივად იპოვონ შესაფერისი სამუშაო ადგილი ისეთ პოპულარულ პლატფორმებზე, როგორებიცაა: LinkedIn, Indeed, Job.ge და სხვა", - აცხადებს ბარბარა ქავთარაძე.