logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა მცირედით გაიზარდა" - სემეკი

2024 წელს საქართველოს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნამ 3,011 მლნ კუბ.მ შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, სულ იმპორტით დაკმაყოფილდა ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.5%, დანარჩენი კი – ადგილობრივი მოპოვებით.

"ადგილობრივი მოპოვების შესყიდვა და საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში შემოტანა განახორციელა ორმა მიმწოდებელმა, რომელთაგან ერთ-ერთი ასევე არის იმპორტიორი. შესაბამისად, საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე ბუნებრივი გაზის განთავსება (იმპორტი და ადგილობრივი წარმოება) მოახდინა სულ სამმა მიმწოდებელმა (სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, შპს „ბაგო“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“).

ვაჭრობის ამ დონეზე (ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარზე შემოტანა) მიმწოდებლებს შორის ჰერფინდალჰირშმანის ინდექსმა (HHI) შეადგინა 6,212, რაც მაღალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს. ინდექსი მცირედით გაუარესებულია წინა წლებთან შედარებით, რაც მეტწილად ასახავს ბუნებრივი გაზის მიღების წყაროების წილობრივ ცვლილებებს, ვიდრე კონკურენციის მხრივ ბაზარზე რაიმე სახის ცვლილებებს.

მსგავსი მდგომარეობა განსაკუთრებით დამახასიათებელია იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არ არიან საკმარისად დაკავშირებული მეზობელ ქვეყნებთან ან/და ბაზარზე არ არიან სხვადასხვა წყაროს ათვისებით დაინტერესებული იმპორტიორები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კონკურენციის დონე ბაზარზე, მათ შორის, საბითუმო დონეზე, მნიშვნელოვნად განაპირობებს ბუნებრივი გაზის ფასს.

"საბითუმო დონეზე საშუალო ფასის განსაზღვრისას გათვალისწინებულია ბაზრის ამ სეგმენტში ყველა მიმწოდებლის მიერ გაყიდული ბუნებრივი გაზის საშუალო შეწონილი ფასი. სოციალური და კომერციული სეგმენტების გამოყოფა ასევე მნიშვნელოვანია ფასის განსაზღვრის შემთხვევაშიც. სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან საქართველო შეღავათიან ფასად იძენს ე.წ. სოციალურ გაზს, რომელსაც გამოიყენებს მოსახლეობისა და თბოსადგურების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, ამ სეგმენტში ბუნებრივი გაზის როგორც საბითუმო, ისე საცალო ფასები მნიშვნელოვნად დაბალია კომერციულ სეგმენტთან შედარებით.

საბითუმო დონეზე სოციალური გაზის ფასის შეფასება შესაძლებელია კომისიის მიერ სამომხმარებლო ტარიფის დადგენისას გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ფასის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სხვადასხვა დონის
სუბსიდირების გათვალისწინებით საშუალოდ 0.28 თეთრი/კუბ.მ-ს შეადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოგვყევით