ბაზარზე, უსინათლო პირებისთვის ქართულენოვანი, ხმოვანი მაჯის საათი შემოდგომაზე გამოჩნდება, - ამის შესახებ სტარტაპი accessAT-ის დამფუძნებელმა დავით ბიბილეიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პროდუქტის მიმართ ინტერესი უკვე გამოიკვეთა და მოთხოვნა ძალიან დიდი იქნება, რადგან საქართველოს ბაზარზე მსგავსი ტიპის პროდუქტები ნაკლებად გვხვდება.
რაც შეეხება საათის ღირებულებას - როგორც დავით ბიბინეიშვილი აცხადებს, სტარტაპი საქართველოს მოქალაქეების მსყიდველუნარიანობას მაქსიმალურად გაითვალისწინებს და ადგილობრივ ბაზარს მოერგება.
"სტარტაპი ორიენტირებულია დამხმარე ხელსაწყოების ხელმისაწვდომობაზე. საქართველოს ბაზარზე უსინათლო პირებისთვის საკმაოდ მწირი ხელსაწყოებია და ჩვენ გვსურს ერთის მხრივ, გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და მეორეს მხრივ, ჩვენს მიერ შეთავაზებული ხელსაწყოები მომხმარებლებზე მორგებული და ორიენტირებული იყოს. ამ ეტაპზე, ხელსაწყოს დამუშავების ეტაპზე ვართ. აღნიშნული საათი ხმოვანთან ერთად, ბრაილის საათიც, ანუ ორ კომპონენტიანი იქნება. უსინათლო პირს დროის და კალენდრის გაგება როგორც ხმოვანი სახით, ისე შეხებით შეეძლება.
საათების მიმართულებით ჩვენ რამდენიმე უცხოელი პარტნიორი გვყავს, მათ შორის, გერმანიაში და ჩინეთში. საათი უცხოეთში აიწყობა, ხოლო პროგრამა, საქართველოში დამუშავდება. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ წარმოებაც ადგილზე განვავითაროთ", - აცხადებს დავით ბიბინეიშვილი.
ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია.