კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-ი უკვე არაერთი წელია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მრავალფეროვან პროექტებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების, ასევე, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარების მიზნით, ComCom-მა 16,200 მოსწავლე, 6000 მასწავლებელი და 1,800 სტუდენტი გადაამზადა. სულ ჩატარდა 980 სემინარი და საინფორმაციო შეხვედრა, ხოლო „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელიც რეგიონებში ადგილობრივების ციფრული უნარების გამომუშავებას ემსახურება - 6200-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავდა. საერთო ჯამში, მედიაწიგნიერების პროექტებისა და პროგრამების მონაწილეთა რაოდენობამ გასული წლის ბოლოსთვის 30,200 შეადგინა.
მედიაწიგნიერებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ წარმოადგენს, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს და UNICEF-ის მხარდაჭერით დაიწყო და 2024 წელსაც წარმატებით ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში, ComCom-მა ჩაატარა მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა, შეიმუშავა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რომელთა გამოყენებით, საქართველოს მასშტაბით 2300 მასწავლებელია გადამზადებული. პროექტის შედეგად, 2023 წლიდან მედიაწგნიერება, როგორც ცალკე არჩევითი საგანი 6 სკოლაში ისწავლებოდა, ხოლო 2024 წლიდან ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 227 შეადგინა, საიდანაც 90%-ს რეგიონის სკოლები წარმოადგენენ.
სხვა პროექტებთან ერთად, ანგარიშში საუბარია UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულზეც, რომელსაც კომუნიკაციების კომისია ყოველწლიურად უერთდება და გამონაკლისი არც 2024 წელი ყოფილა. კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა და კრიტიკული აზროვნებისა თუ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, სოციალურ მედიაში საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში ComCom-მა პირველად ჩაატარა „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“. წესების მიხედვით, კონკურსში მონაწილება I-დან V და VI-დან XII კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ, რომელთაც ერთი მასწავლებელი უხელმძღვანელებდა. გუნდებს სასურველი ფორმატით უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას“. საგულისხმოა, რომ ოლიმპიადით უპრეცედენტო რაოდენობის სკოლა დაინტერესდა. კერძოდ, წარმოდგენილი იყო 500-ზე მეტი ნაშრომი, რომელთა შექმნაშიც 2800-მდე მოსწავლე და 450-მდე მასწავლებელი ჩაერთო. ნაშრომებიდან კომპეტენტურმა ჟიურიმ ორი გამარჯვებული: თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა და ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა გამოავლინა, რომელთაც კომუნიკაციების კომისიამ, ხარისხიანი მედიაპროდუქტების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე მედიალაბორატორია მოუწყო. კერძოდ, სკოლებს გადაეცათ ისეთი მაღალტექნოლოგიური პრიზები, როგორებიცაა ინტერაქციული დაფა, ლეპტოპი, მიკროფონი, LED განათება, მობილურის შტატივი, მედიაწიგნიერების ბანერი და სამუშაო მაგიდა.
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით 10-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.