logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართული ჩიფსი "ლუდისა" წლის ბოლოდან ასორტიმენტს აფართოებს

ჩიფსის მწარმოებელი კომპანია "ლუდისა", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 3 სახითაა წარმოდგენილი, წლის ბოლოდან ასორტიმენტის გაზრდას აპირებს. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი, ირაკლი ქურდაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, პირველ ეტაპზე, პროდუქტს ცხარე ქათმის ფრთების გემო დაემატება.

მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ჩიფსი საკმაოდ პოპულარულია. 

"ნედლეულს სრულად ქართულს ვიყენებთ. კარტოფილს რაც შეეხება, ჩვენს მეურნეობაში, როგორც ქვემო ქართლში, ასევე სამცხე-ჯავახეთში მოგვყავს. ამავდროულად, ფერმერებთან ვთანამშრომლობთ. კერძოდ, დაახლოებით, 20%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ, უფრო დიდი ნაწილი კი, 80% ჩვენივე მეურნეობაში მოგვყავს.

რეალიზაციის ჭრილში, ნელ-ნელა ადგილობრივ ქსელებს ვითვისებთ... ჩვენი პროდუქტი სპეციალიზებულ ლუდის ჩამოსასხმელ მაღაზიებში წარმოდგენილია, ასევე იყიდება "კარფურში", "აგროჰაბში", "სპარში", "დეილში" და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის პარალელურად სხვა ქსელებთან მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.

ჯერჯერობით, 3 სახეობის ჩიფსი გვაქვს: მარილიანი, ხახვი არაჟნის გემოთი და პომიდვრის სალსა. მომავალში ახალი გემოს დამატებას ვფიქრობთ. წლის ბოლოსკენ ასორტიმენტის გაზრდას ვაპირებთ, კერძოდ, 2 სახის გემოს დავამატებთ. პირველ ეტაპზე, მომზადებული ცხარე ქათმის ფრთების გემო გვაქვს, შემდეგ ეტაპზე კი, ახალ გემოებს მომხმარებლებზე დაკვირვების შედეგად შევქმნით. ჩვენი ჩიფსების სამივე გემო, მომხმარებლებში საკმაოდ პოპულარულია, თუმცა გაყიდვებს, თუ დავეყრდნობით ხახვი არაჟნის გემოთი ლიდერობს, შემდეგ კი პომიდვრის სალსა მოდის", - აღნიშნავს ირაკლი ქურდაძე.

რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას, როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი აცხადებს, "ლუდისა"  ქართული ჩიფსის  გატანას აზერბაიჯანში გეგმავს. მისივე თქმით, უცხოელ პარტნიორებს "ლუდისას" ხარისხი, ფასი და შეფუთვა უკვე მოეწონათ.

"ექსპორტს რაც შეეხება, პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ, თუმცა, რადგან ჩვენი პროდუქტი უმაღლესი ხარისხის სპეციალური კარტოფილის ჯიშებით იწარმოება, წელს განსაზღვრული რაოდენობის ნედლეული გვაქვს. შემდეგ წლებში გვინდა, რომ ნათესი ფართობები გავაფართოოთ, რათა დამატებითი მოცულობის წარმოება შევძლოთ. პირველ ეტაპზე, ჩვენი ხედვა აზერბაიჯანის ბაზარს უკავშირდება, რადგან საქართველოს ბაზართან შედარებით, ხემსის მიმართულებით 3-ჯერ დიდია. ჩვენი ჩიფსი საშუალო და მაღალმსყიდველუნარიან სეგმენტზეა გათვლილი. ხარისხიდან, შეფუთვიდან გამომდინარე მაინც სეგმენტურია, შესაბამისად, ექსპორტის მიმართულებით სპეციალური გათვლაა საჭირო. აზერბაიჯანში ექსპორტს წელს არ ვგეგმავთ, თუმცა პარტნიორებს უკვე პროდუქციის რამდენიმე ნიმუში გავუგზავნეთ, მომავალ წელს ნათეს ფართობს გავაფართოებთ და პროდუქტის წარმოების გაზრდაზე ვიზრუნებთ. აზერბაიჯანელ პარტნიორებისგან საკმაოდ კარგი შეფასება გვქონდა: ხარისხი, ფასი, შეფუთვა მოეწონათ, თუმცა ამ ეტაპზე, დამატებითი მოცულობის პროდუქტის წარმოებისთვის მზად არ ვართ - უმაღლესი ხარისხის ნედლეულია საჭირო", - აღნიშნავს "ლუდისას" კომერციული დირექტორი.

ირაკლი ქურდაძე კომპანიის გაყიდვებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აპრილი-მაისის თვის ჭრილში, "ლუდისას" გაყიდვები 50%-ით გაიზარდა.

"აღნიშნული მაჩვენებელი ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ერთხელ იყიდა ჩვენი პროდუქტი და ისევ დაუბრუნდა, გაიმეორა. ველოდებით, რომ აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება. 2-3 თვეში ადგილობრივი მარკეტების ქსელში, დაახლოებით, 70-დან 80%-მდე ვიქნებით წარმოდგენილი. დამატებით მარკეტინგულ აქტივობებს ყურადღებას ვაქცევთ, ეს ყველაფერი კი, პარალელურ რეჟიმში, ბრენდის მშენებლობას ხელს შეუწყობს".

ცნობისთვის, "ლუდისა"  პირველი ქართული, პრემიარული, ტალღოვანი ჩიფსია და ადგილობრივ ბაზარზე 2025 წლის მარტიდან ოპერირებს. კომპანია თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი, 3 000 000 ლარზე მეტია.

გამოგვყევით