2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 450 652 მგზავრს მოემსახურა, რაც ქვეყნისთვის მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტის მიხედვით, 024 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 24%-ით აღემატება 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. მგზავრთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, 2023 წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა და 25 695 ტონა შეადგინა. ჯამურად, საქართველოს
აეროპორტებში 32 528 ფრენა განხორციელდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
"2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტები, ჯამურად, მილიონ-ნახევარზე მეტ მგზავრს მოემსახურა. სულ გადაყვანილ იქნა 1 539 619 მგზავრი, რაც 8%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წლის იანვარმარტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 7.695 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 71%-ით გაიზარდა,"-ნათქვამია პრემიერის ანგარიშში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება დაიწყო თორმეტმა ახალმა ავიაკომპანიამ, მათ შორის, აღსანიშნავია ისეთი მსხვილი ავიაგადამზიდველები, როგორიცაა: Transavia, Air China, Sky Express, ასევე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ფრენები აღადგინა ავსტრიულმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა. საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბრუნდა უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ი, რომელიც პირდაპირ ფრენებს ახორციელებს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით. დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია EasyJet-მა ავიარეისების შესრულება დაიწყო ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან თბილისის მიმართულებით. ასევე ციურიხი-თბილისი-ციურიხის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ახორციელებს შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი.
"ევროკავშირთან არსებული „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, ასევე, ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო თანმიმდევრულად განაგრძობს საავიაციო უსაფრთხოებასთან, საავიაციო უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან, საჰაერო მოძრაობის მართვასა და სამოქალაქო ავიაციის სხვა მიმართულებებთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვას,"-აღნიშნულია პრემიერის ანგარიშში.